მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

ზელენსკი და სირსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გადააყენა და მის შემცვლელად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა.

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მან რამდენიმედღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. როგორც ცნობილია, დემონსტრანტები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, 35 წლის მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან დათხოვნას აპროტესტებდნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელსა და მთავარსარდალს შორის დაპირისპირება მართლაც არსებობდა და ფედოროვის გადაყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიხაილო ფედოროვმა უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიურ გარდაქმნას ჩაუდგა სათავეში და კორუფციასთან ბრძოლას აქტიურად უძღვებოდა. თანამდებობიდან წასვლისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სირსკისა და მის გუნდს ხელი პირდაპირ დაადო და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა. როგორც ირკვევა, 60 წლის ოლექსანდრ სირსკი ჯარში რადიკალური ცვლილებების გატარებას ერიდებოდა.

რაც შეეხება ახალ მთავარსარდალს, მიხაილო დრაპატის სამხედრო წრეებსა და საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტი აქვს. მან ბრძოლებში დიდი გამოცდილება დააგროვა და ბოლო პერიოდში გაერთიანებული ძალების სარდლის პოსტს იკავებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსანდრ სირსკის გაწეული სამსახურისა და 2022 წელს დედაქალაქ კიევის წარმატებული დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გაფორმდება.

ცნობისთვის, ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ვალერი ზალუჟნი 2024 წლის თებერვალში შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები