მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს უნივერსიტეტებში 58 600 სტუდენტი ჩაირიცხა - რამდენით გაიზარდა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღება?

უნივერსიტეტები

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, საიდანაც 19 სახელმწიფოა და 45 კი - კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1% ქალაქ თბილისშია - ამის შესახებ საქსტატის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლებით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, უნივერსიტეტებმა 58.6 ათასი სტუდენტი მიიღეს. შესაბამისად, სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა.

კერძოდ, საქსტატის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, 1 000-ით მეტი, ვიდრე 2024-2025 სასწავლო წელს. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ 27.0 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა - 3 300-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე.

პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა სულ მცირე 2021-2022 სასწავლო წლის შემდეგ სტაბილურად მზარდია.

შედეგად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1%-ით მეტია.

მათგან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების 55.3%, ხოლო კერძოში 44.7% სწავლობს.

ამასთან, 2025 წელს, უნივერსიტეტებში 720 დოქტორანტი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.9%-ით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1%-ით გაიზარდა და 3 025 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები