სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვა 172,350 ევროს ოდენობით, რაც 2025 წლის 13 დეკემბერს საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობის წინა საორგანიზაციო საკითხების ღირებულების შეფასებას უკავშირდება.
ეს ევროვიზიის მასპინძლობის სრული ბიუჯეტი არაა და ის უახლოეს თვეებში უფრო დეტალურად განისაზღვრება.
"საქართველოს მთავრობის, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის 13 დეკემბერს ქალაქ თბილისში დაგეგმილია საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამართვა. აღნიშნული ღონისძიების მასშტაბური ხასიათის გათვალისწინებით, მისი შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აუცილებელია, მასთან დაკავშირებული ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხებისთვის მზადება 6 თვით ადრე დაიწყოს, რისთვისაც აუცილებელია ევროპის მაუწყებელთა კავშირის საორგანიზაციო ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანა და ღონისძიების შემოქმედებითი/სადადგმო მომსახურების შესყიდვა. საბავშვო ევროვიზიაზე მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 20 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. კონკურსისთვის ტექნიკური მომზადება ღონისძიებამდე 6 თვით ადრე იწყება, ხოლო უშუალოდ მასპინძელ არენაზე სცენის, ხმისა და განათების აწყობა ფესტივალის ფინალამდე 30 დღის ადრე. მონაწილე ქვეყნების დელეგაციები საქართველოს ეწვევიან კონკურსამდე 10 დღით ადრე. ამ დროის მონაკვეთში გაივლიან რეპეტიციებს, დაესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს, მოინახულებენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, გაეცნობიან ქართულ ხელოვნებას, კულტურას და სხვა. ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, რადგან ეხება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსის საქართველოში შეუფერხებლად ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ქვეყნის რეპუტაციასთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას,"- ნათქვამია შესყიდვის აღწერაში.
2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა 239 ქულით გაიმარჯვა. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა.
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.