დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით, 30 ივნისის მდგომარეობით 19-მა სადაზღვევო კომპანიამ 802 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 90 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წინა წლის 6 თვეში.
მოზიდული პრემიის მიხედვით კომპანიებს შორის პირველ ადგილზე 148 მილიონი ლარით "ჯიპიაი ჰოლდინგია". რეიტინგში მეორე ადგილს თიბისი დაზღვევა იკავებს. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 137 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა. ხუთეულში შედიან ასევე ალდაგი [₾125 მლნ], იმედი L [₾82 მლნ] და ბენეფიტი [₾64მლნ].

სექტორმა პრემია ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობიდან მოიზიდა, რამაც 374,6 მილიონი ლარი შეადგინა.
ანაზღაურებული ზარალების მიხედვითაც კომპანიებს შორის პირველ ადგილზე ჯიპიაი ჰოლდინგია. კომპანიამ 2025 წლის 6 თვეში 73 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალები აანაზღაურა, 15,9 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ანაზღაურებული ზარალების მიხედვით კომპანიების ხუთეულში შედიან ასევე თიბისი, ალდაგი, იმედი L და არდი.

რაც შეეხება წლის პირველ ნახევარში გამომუშავებულ პრემიას და დამდგარ სადაზღვევო ზარალებს კომპანიების მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე თიბისია. კომპანიამ 6 თვეში 112 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა, 59 მილიონი ლარის კი ზარალები აანაზღაურა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო სექტორმა წლიურად 11 მილიონი ლარით ნაკლები წმინდა მოგება მიიღო. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 6 თვეში ინდუსტრიამ 56 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მაშინ როცა 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარს შეადგენდა.



























