საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტიც წარუდგინა, რომელიც რიგ უწყებებში დაფინანსების ზრდას, ცალკეულ შემთხვევებში კი მის შემცირებას ითვალისწინებს.
მთლიანობაში წელს მთავრობის ხარჯები 11.2 მილიონი ლარით, 27.95 მილიარდ ლარამდე იზრდება. უწყებებს შორის ყველაზე მეტი თანხა - 248 მილიონი ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემატება, რაც ძირითადად უპრეცედენტოდ ძვირადღირებული რთველის სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. წელს რთველის მხარდამჭერ პროგრამებზე მთლიანობაში 220 მილიონი ლარი დაიხარჯა. 133 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების მოსალოდნელზე მეტად მატებას უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს 110 მილიონი ლარი ემატება.
რაც შეეხება შემცირებას, ყველაზე მეტად 249 მილიონი ლარით განათლების სამინისტროს დაფინანსება მცირდება, რაც ძირითადად საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის წარუმატებლად მიმდინარეობას უკავშირდება. ამ მიმართულებით კლება 204 მილიონ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი 202 მილიონი ლარი აკლდება, რაც ძირითადად დაკავშირებულია რუსთავი წითელი ხიდის და რუსთავი სადახლოს ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტში სატენდერო პროცედურების გაჭიანურებასთან.
რა იცვლება 2025 წლის ბიუჯეტში - პროექტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 248,3 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 056,4 მლნ ლარის ოდენობით. პროგრამების დონეზე წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:
- მიმდინარე წლის რთველის დაფინანსების მიზნით დამატებით გამოიყოფა 160,0 მლნ ლარი და ჯამურად აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხა შეადგენს 220,0 მლნ ლარს;
- სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მისი მოვლა შენახვის ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა 110,0 მლნ ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხას. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებებით განსაზღვრული იყო 90,0 მლნ ლარი, თუმცა დაგეგმილი პრექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან კონსულტაციით დამატებით მოხდა 20,0 მლნ ლარის გათვალისწინება. შესაბამისად მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის გამოიყოფა 110,0 მლნ ლარი, ხოლო 2026 წლის პირველად პროექტში გათვალისწინებული თანხა მცირდება 90,0 მლნ ლარით;
- ამავე პროგრამაში, საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 15,2 მლნ ლარით, ხოლო სხვა პროგრამების ნაწილში 6,2 მლნ ლარის ოდენობით;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 133,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 8 953,0 მლნ ლარით. ცვლილებები ხორციელდება შემდეგ პროგრამებში:
- წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 10,0 მლნ ლარით, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამის ასიგნებები მცირდება 15,0 მლნ ლარით;
- ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტის ფარგლებში, სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა შესყიდვების განხორციელება გადავადდა 2026 წელს, შესაბამისად 2025 წლისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 37,0 მლნ ლარით (2026 წლის ბიუჯეტში აღნიშნული რესურსიდან დაფინანსება შეადგენს 48,0 მლნ ლარს);
- 195,0 მლნ დამატებით გამოყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად, რაც ძირითადად დაკავშირებულია ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების ზრდასთან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 110,0 მლნ ლარით და შეადგენს 1 840,0 მლნ ლარს. დამატებითი თანხები ძირითადად მიიმართება გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულებების ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ასანაზღაურებლად;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 45,5 მლნ ლარით და შეადგენს 271,5 მლნ ლარს. დამატებითი თანხები მიიმართება უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი შესყიდვების დასაფინანსებლად;
საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 32,0 მლნ ლარით და შეადგენს 330,4 მლნ ლარს. დამატებითი თანხები გამოყოფილია:
- რაგბის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილია დამატებით 7,0 მლნ ლარი, რომელიც მიიმართება გასულ წლებში, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვაზე;
- კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში გამოყოფილია დამატებით 2,5 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებასთან;
- ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთაშორისო თამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის გამოიყოფა 4,5 მლნ ლარი;
- სხვადასხვა სპორტული ფედერაციების დასაფინანსებლად, სპორტსმენების საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 4,0 მლნ ლარი;
- საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოების მიზნით (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოცულობების შესაბამისად) დამატებით გამოიყოფა 12,5 მლნ ლარი;
- სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენის მიზნით გამოიყოფა 1,5 მლნ ლარი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები მცირდება 201,7 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 923,3 მლნ ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით ცვლილებები წარმოდგენილია შემდეგ პროგრამებში:
- საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება მცირდება 137,3 მლნ ლარით, მათ შორის:
- საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის პროგრამა მცირდება 51,1 მლნ ლარით;
- თბილისი - წითელი ხიდისა და ალგეთი სადახლოს გზების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 146,1 მლნ ლარით. აღნიშნული პროექტების დაფინანსება ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით. სატენდერო პროცედურების დასრულება დაგეგმილი იყო მიმდინარე წელს, თუმცა ბანკის მიერ არ დასრულებულა შიდა განხილვის პროცედურები. ბანკთან არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული პროგრამისთვის თანხების შემცირება არამხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ 2026 წელსაც (პროექტების დაწყება პროგნოზირებულია 2027 წლიდან). შესაბამისად, პროექტების დასაფინანსებლად თანხები გათვალისწინებული არ არის არც 2026 წელს. ბანკის მიერ შიდა განხილვების პროგნოზირებულთან შედარებით უფრო სწრაფად დასრულების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება დაიწყება საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად დაზუსტებული ბიუჯეტის ფარგლებში;
- სხვა დანარჩენი საგზაო პროექტების ფარგლებში ხორციელდება თანხების გადანაწილება და ჯამურად მათი ასიგნებები იზრდება 59,9 მლნ ლარით;
- რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები, ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით მცირდება 90,2 მლნ ლარით;
- წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება 360,1 მლნ ლარით, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტები, მათი ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით მცირდება 46,1 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება იზრდება 405,8 მლნ ლარით. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გამოყოფილი თანხები გათვალისწინებულია 2026 წელს დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტების მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით 2026 წელს თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 210,0 მლნ ლარით;
- 2025 წლის ბიუჯეტში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის ბიუჯეტი გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამატებით გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი, რომელიც მიიმართება კომპანიის მიერ 2026 წლის განმავლობაში არსებული ვალდებულებების დასაფინანსებლად, რისი გათვალისწინებითაც 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებში აღნიშნული პროგრამის დაფინანსდება მცირდება 30,0 მლნ ლარის ოდენობით;
- მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით, სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ნაწილში:
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 110,9 მლნ ლარით;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 75,0 მლნ ლარით;
- სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება მცირდება 188,6 მლნ ლარით;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 249,2 მლნ ლარით, მათ შორის:
- საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე ასიგნებები მცირდება 10,0 მლნ ლარით;
- მიმდინარე წელს საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, განათლების სამინისტროდან ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფუნქცია გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა ე.წ. „Design-build“ მოდელის გაუქმება და პირველ ეტაპზე განხორციელდება დეტალური პროექტირება და შემდეგ გამოცხადდება ტენდერები სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერები საპროექტო სამუშაოებზე, რომელთა დასრულების შემდგომ დაიწყება შესაბამისი პროცედურები სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 203,9 მლნ ლარით, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ასიგნებები - 9,4 მლნ ლარით;
- საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 25,9 მლნ ლარის ოდენობით;
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება ჯამურად არ იცვლება, თუმცა ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები მცირდება 48,4 მლნ ლარით. პროგრამების მიხედვით ცვლილებები დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით:
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშნებლობის დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, რისი გათვალისწინებითაც ამავე პროგრამის დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული აღარ არის;
- წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით 7,0 მლნ ლარით მცირდება პროგრამის -აწარმოე საქართველოში დაფინანსება;
- მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით 7,9 მლნ ლარით მცირდება ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის პროექტი, 52,5 მლნ ლარით მცირდება გადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ასიგნებები, 14,5 მლნ ლარით მცირდება ენგურის ჰიდროექლექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო 5,0 მლნ ლარით მცირდება ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობის პროექტი;
- სხვა დანარჩენი მიმართულებებით წარმოქმნილი ეკონომიები მცირდება 1,5 მლნ ლარით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 32,3 მლნ ლარით, მათ შორის 28 მლნ ლარი წარმოადგენს არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში წარმოქმნილ ეკონომიას, ხოლო 4,3 მლნ ლარი საჯარო რეესტრის საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტისთვის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპონენტი) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში არსებულ რესურსს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 11,0 მლნ ლარით, რაც ძირითადად სავალუტო კურსის გამყარების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიაა.
საქართველოს პარლამენტის ასიგნებები წლის განმავლობაში წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მცირდება 20,0 მლნ ლარით;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მცირდება 9,0 მლნ ლარით;
საერთო სასამართლოების დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მცირდება 25,0 მლნ ლარით;
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში:
- საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გამოყოფილი ასიგნებები, სავალუტო კურსის გამყარებით წარმოქმნილი ეკონომიის გათვალისწინებით მცირდება 100,0 მლნ ლარის ოდენობით;
- რიგი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არსებული დეფიციტების დასაფინანსებლად გამოიყოფა 20,0 მლნ ლარი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის დამატებით გამოიყოფა 2,0 მლნ ლარი, რაც მოხმარდება პირველადი ჯანდაცვის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას;
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა იზრდება 115,0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება მრავალწლიანი პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები, რაც გამოათავისუფლებს 2026 წელს ფონდის რესურსს ახალი პროექტების დასაწყებად;
- დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსება, ბენეფიციართა მიერ გაზრდილი შენატანების გათვალისწინებით იზრდება 12,0 მლნ ლარით;
- სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი ასიგნებები, მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით მცირდება 18,0 მლნ ლარით;
- დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები ჯამურად იზრდება 8,0 მლნ ლარით და შეადგენს 173,0 მლნ ლარს.




























