მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

თელავი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა.

უწყების ცნობით, მინისტრმა რევაზ სოხაძემ მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით 100 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ხევის სათავეების მიმართულებით.

„აქტიურად მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ისე საპრევენციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 100 ერთეული ტექნიკა. ვიმყოფებოდით ხევის სათავეებშიც, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ოპერატიული შტაბის სხდომაზე განვიხილეთ როგორც უახლოეს დღეებში გადასაწყვეტი საკითხები, ისე ის ღონისძიებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განხორციელდეს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას და პარალელურად დაიგეგმოს ისეთი პრევენციული სამუშაოები, რომლებიც მომავალში მსგავსი რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას დამბებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი გაუმართაობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2022 წელს ჩატარდა და მათ მიმდინარე სტიქიის დროს თავისი ფუნქცია შეასრულეს. მინისტრის განცხადებით, სპეციალისტები უახლოეს დღეებში დეტალურად შეისწავლიან სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მომხდარი პროცესები დამბების მდგომარეობას არ უკავშირდება.

რევაზ სოხაძის თქმით, ოპერატიული შტაბი იმსჯელებს სტიქიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის იმ გარემოებებზეც, რომლებიც დამატებით შესწავლასა და შესაბამის გადაწყვეტილებებს საჭიროებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს რეაგირება იქნება ყველა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება კანონდარღვევა ან მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი გარემოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები