2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატი წლიურად გაუარესდა - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ BAG ინდექსშია ნათქვამი.
„2025 წლის I კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 31.9 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 13.9, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 51.5 ქულაა.
2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 3.3 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 14.7 ქულით გაუარესდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 9.6 ქულით გაუმჯობესდა.
2025 წლის I კვარტალის სამივე შედეგი გაუარესებულია 2024 წლის I კვარტალთან შედარებითაც. კერძოდ, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა 11.6 ქულით, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 13.5 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 9.4-ით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის I კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.
ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტალებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტალისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ თავიანთი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საინვესტიციო გარემოს. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის პირველი კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში.
BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.