მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის IV კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾70 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი

ბიზნესი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამასთან, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც და IV კვარტალში 27.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც წლიურად 15.5%-ით მეტია.

საწარმოთა საქმიანობის შედეგები აჩვენებს, რომ IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.7% საშუალოზე, ხოლო 17.9% მცირე ბიზნესზე.

ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.9%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.9%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამმუშავებელი მრეწველობა 7.3%-ით.

ბრუნვისგან განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.6%, საშუალოზე 24.9%, ხოლო მცირე ბიზნესზე 31.5%.

პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამმუშავებელი მრეწველობა (18.6%), ვაჭრობა (18.5%), მშენებლობა (18.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 26.6%-იანი წილი ეჭირა.

2025 წლის IV კვარტალში, საწარმოთა მიერ საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 35.6 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 20.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტი) შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები