მთვარის კოლონიზაციის მიმართულებით ყველაზე დიდი ნაბიჯები კაცობრიობამ 1969-1972 წლებში გადადგა, როცა მთვარის მიმართულებით ექვსი მისია შესრულდა, რომელთა ფარგლებში თანამგზავრის ზედაპირზე თორმეტმა ადამიანმა გაიარა. მას შემდეგ, კოსმოსური რბოლა მინელდა, ხოლო ქვეყნები სხვა ტიპის მისიებზე გადაერთვნენ და მთვარის შესწავლა კოსმოსური ხომალდების ჩამოსაშვები აპარატების, ე.წ. Lunal Lander-ებით დაიწყეს, რაც გაცილებით იაფი სიამოვნებაა, ვიდრე თანამგზავრზე ცოცხალი ადამიანების გაშვება. თუმცა ამ მიმართულებითაც კი, ბოლო ორმოცდაათი წელი, სრულ სტაგნაციაში გავატარეთ.
მთვარის ერთ-ერთი კრატერის, მარე კრისიუმის რეგიონში ადამიანების მიერ მართული ჩამოსაშვები აპარატი ბოლოს 1976 წელს დაეშვა, როცა ეს საბჭოთა Luna 24-მა მოახერხა, რაც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბოლო მისია იყო, რომელიც საბჭოთა კავშირმა მთვარეზე შეასრულა. Luna 24-ის მისიის ფარგლებში, კომუნისტებმა, ერთი მხრივ, ჩამოსაშვები აპარატის შესაძლებლობები დატესტეს, ხოლო მეორე მხრივ, მთვარის ზედაპირი გაბურღეს და ნიადაგის მასალები აიღეს, რათა მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებები შეემოწმებინათ.
რაც უნდა უცნაური იყოს, საბჭოთა კავშირის მისიის შემდეგ, მთვარის ამ რეგიონში წარმატებით ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაეშვა, მაგრამ ეს ვითარება, სავარაუდოდ, წელს შეიცვლება, რადგან მთვარის ზედაპირზე ამ ტიპის მისიას ამერიკული SpaceX-ი გაუშვებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კოსმოსური კომპანიის ხომალდი კოსმოსში 15 იანვარს გაემგზავრება. მთვარემდე მისასვლელად SpaceX-ის Falcon 9-ის ტიპის კოსმოსურ ხომალდს 45 დღე დასჭირდება, ხოლო თავად მთვარეზე ჩამოსაშვები აპარატები 14 დღეს გაატარებენ, რა დროსაც დედამიწის თანამგზავრის ზედაპირს შეისწავლიან.
SpaceX-ის მისიის ფარგლებში, მთვარეზე ორი აპარატი დაეშვება, მათ შორის ამერიკული Firefly Aerospace-ის Blue Ghost 1 და იაპონური iSpace-ის Resilience. აღნიშნული აპარატები დედამიწის თანამგზავრზე სხვადასხვა დავალებებს შეასრულებენ, მათ შორის დედამიწის მაგნიტური ველის და მზის ქარების ურთიერთქმედების შესწავლაც იგეგმება, რაც, თუ წარმატებით შედგა, მეცნიერებს მზის ქარების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის, რაც, თავის წილ, კოსმოსური თანამგზავრების და GPS-ის სისტემების მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული კოსმოსური კომპანია ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოთამაშის როლს ინარჩუნებს. გასულ წელს, SpaceX-მა რამდენიმე საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა, რომელთა შედეგად კომპანიის შეფასება $350 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად, ილონ მასკის კომპანია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა. კოსმოსური კომპანიის შეფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის უმთავრესი ისაა, რომ SpaceX-ი აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი კონტრაქტორია.