2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტები შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს რეზიდენტებმა 615 ათასი გასვლა განახორციელეს ქვეყნიდან (სტატისტიკა ასახავს გასვლების რაოდენობას და არა იმ პირების რაოდენობას ვინც ეს გასვლები განახორციელა), გასვლების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია.
ამ 615 ათას გასვლას შორის, 15 წლის და უფროსი პირების გასვლების რაოდენობა 482 ათასს შეადგენდა, აღნიშნულ პირებს რეზიდენტი ვიზიტორები ეწოდებათ.
ამ 482 ათას ვიზიტს შორის, რომლებიც 15 წელს ზემოთ პირებმა განახორციელეს, 323 ათასი ვიზიტი იყო ტურისტული კატეგორიის ვიზიტი. საერთაშორისო მეთოდოლოგიით ტურისტულ ვიზიტად კლასიფიცირდება ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც 1 დღეზე (24 საათზე) მეტხანს გრძელდება. ამ ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6 ათასი ვიზიტით (1.7%) არის შემცირებული.
გაცილებით უფრო მეტად, 17.6%-ით შემცირდა ე.წ. ექსკურსიული ვიზიტები და მათი რაოდენობა წელს 159 ათასს შეადგენდა. ექსკურსიულია ვიზიტი, როდესაც ვიზიტის ხანგრძლივობა 1 დღეზე ნაკლებია და ვიზიტორი საქართველოში გასვლის დღესვე ბრუნდება.
ყველაზე აქტიური საზღვარი რომელზეც მსგავსი ვიზიტები აღინიშნება არის სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელსაც ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე თურქეთში შოპინგის მიზნებით კვეთს.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის ძირითადი მიზნის მიხედვით ასე ნაწილდება:
- მეგობრების/ნათესავების მონახულება - 36.6%;
- საყიდლები - 31.9%;
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 18.6%;
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 9.4%;
- მკურნალობა, გაჯანსაღება - 1.5%;
- სხვა - 2%.
მთლიან ვიზიტებში ქვეყნების მიხედვით განაწილება ასეთია:
| ქვეყანა | 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა | სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით |
| თურქეთი | 181,070 ვიზიტი; | -9% |
| ევროკავშირი | 86,778 ვიზიტი; | 1% |
| სომხეთი | 68,940 ვიზიტი; | 8% |
| რუსეთი | 65,084 ვიზიტი; | -25% |
| აზერბაიჯანი | 11,088 ვიზიტი; | 6% |
| სხვა ქვეყნები | 69,422 ვიზიტი. | -10% |
2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
საქსტატის თანახმად, ამ ვიზიტების მთლიანი ხარჯები პირველ კვარტალში 481 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 207 მილიონი ლარი შოპინგზე მოდის, 124 საკვებსა და სასმელებზე, განთავსებაზე 58 მილიონი ლარი, ადგილობრივ ტრანსპორტზე 53 მილიონი ლარი, გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, გამაჯანსაღებელი პროცედურები და კულტურული და სპორტული ხასიათის ხარჯებზე 20 მილიონი ლარი მოდიოდა.




























