2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 15 წელს ზემოთ რეზიდენტებმა უცხოეთში სულ 482 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად დაკავშირებულია ე.წ. ექსკურსიულ ვიზიტებთან, რომლებიც ერთდღიან ვიზიტებს წარმოადგენს. ამ კატეგორიის სულ 159 ათასი ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.5%-ით ნაკლებია. ყველა დანარჩენ ვიზიტს, რომელთა ხანგრძლივობაც 1 დღეს აღემატება საქსტატი ტურისტულ ვიზიტად აღრიცხავს, ამ ვიზიტების რაოდენობა წელს 323 ათასი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს 15 წელს ზემოთ რეზიდენტებმა ყველაზე მეტი 181 ათასი ვიზიტი თურქეთში განახორციელეს, რაც მთლიანი ვიზიტების 37.6%-ს შეადგენდა. თურქეთში ვიზიტების კლება სწორედ თურქეთსა და რუსეთში ვიზიტების შემცირებას უკავშირდება, ხოლო ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობა კი წელს 1%-ით გაიზარდა და მან 87 ათასს მიაღწია.
| ქვეყანა | 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა | სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით |
| თურქეთი | 181,070 ვიზიტი; | -9% |
| ევროკავშირი | 86,778 ვიზიტი; | 1% |
| სომხეთი | 68,940 ვიზიტი; | 8% |
| რუსეთი | 65,084 ვიზიტი; | -25% |
| აზერბაიჯანი | 11,088 ვიზიტი; | 6% |
| სხვა ქვეყნები | 69,422 ვიზიტი. | -10% |
2025 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის ძირითადი მიზნის მიხედვით ასე ნაწილდება:
- მეგობრების/ნათესავების მონახულება - 36.6%;
- საყიდლები - 31.9%;
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 18.6%;
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 9.4%;
- მკურნალობა, გაჯანსაღება - 1.5%;
- სხვა - 2%.
2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
საქსტატის თანახმად, ამ ვიზიტების მთლიანი ხარჯები პირველ კვარტალში 481 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 207 მილიონი ლარი შოპინგზე მოდის, 124 საკვებსა და სასმელებზე, განთავსებაზე 58 მილიონი ლარი, ადგილობრივ ტრანსპორტზე 53 მილიონი ლარი, გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, გამაჯანსაღებელი პროცედურები და კულტურული და სპორტული ხასიათის ხარჯებზე 20 მილიონი ლარი მოდიოდა.




























