2025 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ ქართველმა ვიზიტორებმა სულ 481 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით, ანუ 26 მილიონი ლარით მეტია.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში 15 წელს ზემოთ საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში სულ 482 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია.
ამ 482 ათას ვიზიტს შორის, რომლებიც 15 წელს ზემოთ პირებმა განახორციელეს, 323 ათასი ვიზიტი იყო ტურისტული კატეგორიის ვიზიტი. საერთაშორისო მეთოდოლოგიით ტურისტულ ვიზიტად კლასიფიცირდება ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც 1 დღეზე (24 საათზე) მეტხანს გრძელდება. ამ ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6 ათასი ვიზიტით (1.7%) არის შემცირებული.
გაცილებით უფრო მეტად, 17.6%-ით შემცირდა ე.წ. ექსკურსიული ვიზიტები და მათი რაოდენობა წელს 159 ათასს შეადგენდა. ექსკურსიულია ვიზიტი, როდესაც ვიზიტის ხანგრძლივობა 1 დღეზე ნაკლებია და ვიზიტორი საქართველოში გასვლის დღესვე ბრუნდება.
ყველაზე აქტიური საზღვარი რომელზეც მსგავსი ვიზიტები აღინიშნება არის სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელსაც ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე თურქეთში შოპინგის მიზნებით კვეთს.
მთლიან ვიზიტებში ქვეყნების მიხედვით განაწილება ასეთია:
| ქვეყანა | 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა | სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით |
| თურქეთი | 181,070 ვიზიტი; | -9% |
| ევროკავშირი | 86,778 ვიზიტი; | 1% |
| სომხეთი | 68,940 ვიზიტი; | 8% |
| რუსეთი | 65,084 ვიზიტი; | -25% |
| აზერბაიჯანი | 11,088 ვიზიტი; | 6% |
| სხვა ქვეყნები | 69,422 ვიზიტი. | -10% |
2025 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის ძირითადი მიზნის მიხედვით ასე ნაწილდება:
- მეგობრების/ნათესავების მონახულება - 36.6%;
- საყიდლები - 31.9%;
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 18.6%;
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 9.4%;
- მკურნალობა, გაჯანსაღება - 1.5%;
- სხვა - 2%.
481-მილიონიანი დანახარჯების კლასიფიკაცია:
207 მილიონი ლარი შოპინგზე მოდის, 124 საკვებსა და სასმელებზე, განთავსებაზე 58 მილიონი ლარი, ადგილობრივ ტრანსპორტზე 53 მილიონი ლარი, გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, გამაჯანსაღებელი პროცედურები და კულტურული და სპორტული ხასიათის ხარჯებზე 20 მილიონი ლარი მოდიოდა.
2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.




























