2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ჩინური ტვირთების მოცულობა გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 9,849 TEU შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173.0%-ით მეტია (3,608 TEU).
„ის ფაქტი, რომ 2025 წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთიდან და ჩინეთის დანიშნულებით საკონტეინერო გზავნილების რაოდენობა გასამმაგებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება. ამასთან, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს პოტენციალის გაზრდას სატვირთო გადაზიდვის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის და ბათუმის პორტებმა 2025 წლის 6 თვეში 7 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით მეტია. საკონტეინერო გადაზიდვები კი წელს 19.5%-ით გაიზარდა.
„მაგალითად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთსა და ბათუმში, ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 7 მლნ ტონა, რაც 5,9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება უშუალოდ საკონტეინერო გადაზიდვებს, 2025 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავდა 19,5 პროცენტით მეტი კონტეინერები, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ზოგადად სექტორი სწორად ვითარდება, საქართველო კი რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.
საჰაერო ტვირთების მიმართულებით ზრდა 56.6%-ია, წელს ქართულმა აეროპორტებმა 16.5 ათასი ტონა ტვირთები გაატარეს.




























