"ოცნების" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განმარტებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა 5 ძირითადი სტრატეგიული მიზნისგან შედგება, მოიცავს კონკრეტულ აქტივობებს და ფარავს კომიტეტის საქმიანობის საკანონმდებლო, საზედამხედველო, საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებებს.
ლევან მახაშვილის განცხადებით, 2025 წელს კომიტეტი მნიშვნელოვან დროს დაუთმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულებას.
მისი თქმით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია სექტორული მიმართულებებით კანონპროექტების მიღება, რომლის საფუძველზეც საქართველოში დაინერგება ევროკავშირის სტანდარტები.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. ამასთანავე, დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებისა და დამტკიცებული საკანონმდებლო აქტების აღსრულების ზედამხედველობა.
აგრეთვე, კომიტეტის საქმიანობის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია საკომიტეტო მოსმენები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და სხვა.
სამოქმედო გეგმის თანახმად, კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მობილიზება იქნება, რაც გულისხმობს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობას.
ლევან მახაშვილის განცხადებით, კომიტეტი ყურადღებას დაუთმობს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე, ევროკავშირში წევრობის საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებას.
2024 წლის 28 ნოემბერს ქართული "ოცნების" ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე EU-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ, რასაც მოსახლეობიდან მასობრივი საპროტესტო აქციები, ოცნების მხრიდან კი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კანონმდებლობის გამკაცრება, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების კანონმდებლობის გამარტივება და უწყებებში მასობრივი რეორგანიზაციების დაწყება მოჰყვა.
აღნიშნული ქმედებების პარალელურად, ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო სანქცია დააწესა, ასევე ევროკავშირმა საქართველოს მიმართ საგრანტო დახმარების პაკეტი შეაჩერა, გერმანიამ კი გრანტებთან ერთად საქართველოსთვის განკუთვნილი კრედიტის გაცემაც შეაჩერა.
2024 წლის 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია, ივანიშვილს კი უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ და ფართო პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა.
2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, გააფართოვა სავიზო სანქციები ოცნების მაღალჩინოსნებისა და ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიმართ, გლობალური მაგნიტსკის აქტით დაასანქცირა ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები, მათ შორის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, 2024 წლის 27 დეკემბერს კი პერსონალური ფინანსური სანქციები დაუწესდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
2024 წლის 31 დეკემბერს კი საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს.