"ორი ძირითადი ფაქტორი იყო, რამაც შესყიდვების კანონის გადავადების აუცილებლობა გამოიწვია", - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა. როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის ანალიზის შედეგად, მიზანშეწონილია, კანონის არსებითად გადამუშავებული ვერსია მომზადდეს, რომელშიც "კომუნალური სექტორის" და "თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის" შესყიდვების ახალი რეგულაციები აისახება. ამასთან, კანონი ევროდირექტივებს სრულად უნდა შეესაბამებოდეს.
"ევროკომისიის მიერ მიღებული დასკვნაა, რომლის შესაბამისად უკვე მიღებული კანონპროექტია შეფასებული და გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესყიდვების ახალმა კანონმა არა მარტო ტრადიციული საჯარო შესყიდვები დაარეგულიროს, რაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებულ შესყიდვებს გულისხმობს, არამედ "კომუნალური სექტორის" შესყიდვებიც. ეს გულისხმობს, რომ თუ კერძო ან საჯარო ორგანიზაცია ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობს და კომუნალური მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ რეგულაციებს დაექვემდებაროს. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის დირექტივებს ეხება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კანონპროექტში ასახული დირექტივები უკვე ევროკავშირშიც ქმნის მნიშვნელოვან ბარიერებს, გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანი და შესაძლებელია, ხარვეზები, რომლებიც ამ ანგარიშშია მითითებული, აღმოიფხვრას", - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ვახტანგ ბაჩიაშვილის მტკიცებით, მთავრობას პროექტის თავიდან შესამუშავებლად ორი წელი სჭირდება. სწორედ, ამიტომ კანონი არა 2025 წლის იანვრიდან, არამედ 2027 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
"ორი წლით გადავადება შესაძლებლობას მოგვცემს, ყველა გამოვლენილი ხარვეზი ავსახოთ კანონმდებლობაში და სრულყოფილი კანონი მივიღოთ. ამ ორ წელს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ დასკვნებში გამოთქმული მოსაზრებები აისახოს და საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს გადამუშავებული კანონპროექტი შესთავაზოს. ჯერჯერობით, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან დასკვნა ჩვენთვის ივნისში გახდა ცნობილი. რაც ეხება მნიშვნელოვან რეფორმას, რაც საჯარო შესყიდვებში ფასი-ხარისხის დამკვიდრებას გულისხმობს, არ შეიცვლება. საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ლიცენზიანტებზე გავრცელდეს, რომლებიც კომუნალურ სექტორში მოღვაწეობენ. ასევე ლიბერალური მიდგომა შენარჩუნდეს მონეტარულ ზღვრებს ქვემოთ არსებულ ბიუჯეტურ შესყიდვებთან მიმართებით", - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.
"საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, 2027 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა, ძალაში მომავალი წლის იანვრიდან უნდა შესულიყო.