პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლო ერთი წლის ანგარიშის მიხედვით, რომლითაც მთავრობის მეთაური პარლამენტის წინაშე 28 ივნისს უნდა წარდგეს, ვიგებთ, რომ ხელისუფლება დეცენტრალიზაციის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის მუშაობას აგრძელებს.
„ამ მიზნით, შემუშავდა დეცენტრალიზაციის 2020 − 2025 წლების სტრატეგიის განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი და მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ მისი დამტკიცების პროცედურები“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტების ქონების გაზრდის მიზნით, 2023 წელს სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებს ჯამში 1 277 ერთეული ქონება გადაეცათ.
ანგარიშში ფისკალური დეცენტრალიზაციაზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ ამ კუთხით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, შევიდა ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტებს მიეცათ დამატებითი სახის მოსაკრებლის (საკონტეინერო მოსაკრებელი) შემოღების უფლება და გაიზარდა მშენებლობის ნებართვისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა. ამასთან, ცვლილება განხორციელდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც ორ მოსაკრებელზე (ქვიშა-ხრეში, საცემენტე ნედლეული) გაიზარდა მუნიციპალურ ბიუჯეტში გადასარიცხი მოსაკრებლის ოდენობა.
„ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში, 2023 წელს, მუნიციპალიტეტებმა მიიღეს, დაახლოებით, 1.6 მილიარდი ლარი, რაც, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით, 781 მილიონი ლარით ანუ 96%-ით მეტია“, - აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.