"მხოლოდ ხელფასების ზრდას კორუფციის შემცირებაზე გავლენა ვერ ექნება", - ასე აფასებს IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებების, შესაძლო ზრდას. მისი თქმით, მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების ზრდა ელიტარულ კორუფციას ვერ აღმოფხვრის. თუშურაშვილი ამბობს, რომ ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.
"მიიჩნევა, რომ ანაზღაურება ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა ჩვენთან პრობლემა და გამოწვევა ელიტარული კორუფციაა. შესაბამისად, მათ ხელი მიუწვდებათ იმ ოდენობის თანხებთან, რომ მხოლოდ სარგოების გაზრდა დიდ გავლენას ვერ მოახდენს კორუფციის შემცირებაზე. ამ კუთხით რაიმე სახის ცვლილებას არ ველით, რადგან მაღალი თანამდებობების პირებზეა საუბარი. სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. საჭიროა პოლიტიკური ნება, სისტემური ბრძოლა და ანტიკორუფციული ბიუროს ქმედითი მონაწილეობა", - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა "საქმის კურსის" ეთერში და დასძინა: "ხელფასების ზრდის ნაწილში ადეკვატურია, რომ იერარქიულად უნდა იყოს განაწილებული ანაზღაურებები. თუმცა საკითხავია, ეს თანხები რამდენად შესაბამისობაშია ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებით".
ცნობისთვის, "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებით, 2025 წლიდან პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი თვეში 13,300 ლარი, წელიწადში კი 159,600 ლარი იქნება. მინისტრის ხელფასი - 11,305 ლარი, წელიწადში 135,660 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი თვეში - 9,975 ლარი ანუ წლიურად 119,700 ლარი, ხოლო რიგითი მოადგილის ხელფასი 9,642 ლარი თვეში ანუ წელიწადში 115 710 ლარი იქნება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.