პარლამენტმა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტისთვის, პრემიერისთვის, მინისტრებისა და მათი მოადგილეებისთვის ანაზღაურების განსაზღვრის ახალ ფორმულას ადგენს, რომლის მიღების შემთხვევაშიც თანამდებობის პირთა ხელფასები 2025 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება.
არსებული მდგომარეობით, პრემიერ-მინისტრის ხელფასი წელიწადში 41,000 ლარია (თვეში 3,416 ლარი), ხოლო მინისტრის ხელფასი წელიწადში 66,000-81,000 ლარია (თვეში 5,500-6,750 ლარი). განახლებული კანონით პრემიერ-მინისტრის ხელფასი 159,000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მინისტრების ანაზღაურებები კი გაორმაგდება და 135,000 ლარი გახდება.
კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული. მაგალითად პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთვის ეს კოეფიციენტი არის 10, მინისტრისთვის - 8.5, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილისთვის - 7.5, სხვა მოადგილეებისთვის კი 7.25. ანაზღაურების დათვლის ახალი წესი 2025 წელს უნდა ამოქმედდეს.
საჯარო სამსახურში საბაზო ანაზღაურების ყოველწლიური გადახედვისას ავტომატურად განახლდება ყველა იმ თანამდებობის პირის ანაზღაურებაც, რომელთა ხელფასიც საბაზო ანაზღაურების ნამრავლზე არის დამოკიდებული.
2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულის საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,330 ლარის ოდენობით განისაზღვრება, შესაბამისად, ამ ხელფასის 10-ის გამრავლებით პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი თვეში 13,300 ლარი, ანუ წელიწადში 159,600 ლარი იქნება. მინისტრის ხელფასი - 11,305 ლარი, ანუ წელიწადში 135,660 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი თვეში - 9,975 ლარი, ანუ წლიურად 119,700 ლარი, ხოლო რიგითი მოადგილის ხელფასი 9,642 ლარი თვეში ანუ წელიწადში 115,710 ლარი.
თანამდებობის პირი |
კოეფიციენტი |
ხელფასი წელიწადში |
ზრდა არსებულთან შედარებით |
პრეზიდენტი | 10 | 159,600 ლარი; | ზრდა 75,380 ლარი; |
პრემიერ-მინისტრი | 10 | 159,600 ლარი; | ზრდა 118,600 ლარი; |
მინისტრი | 8.5 | 135,660 ლარი; | ზრდა 54,680-დან 69,660 ლარამდე |
პირველი მოადგილე | 7.5 | 119,700 ლარი; | ზრდა 36,700 ლარი |
მინისტრის მოადგილე | 7.25 | 115,710 ლარი. | ზრდა 49,710 ლარი |