სამედიცინო მასალების გიგანტმა Medline-მა განაცხადა, რომ აშშ-ში დაგეგმილი აქციების პირველადი განთავსების (IPO) ფარგლებში 55.3 მილიარდ დოლარამდე შეფასებას უმიზნებს. მოსალოდნელია, რომ ეს 2025 წლის ყველაზე დიდი IPO იქნება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ილინოისის შტატში ბაზირებული კომპანია 179 მილიონი აქციის შეთავაზებით $5.37 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. თითოეული აქციის ფასი 26-დან 30 დოლარამდე მერყეობს.
"მსხვილ გარიგებებს, როგორც წესი, განსაკუთრებული გავლენა აქვს IPO-ს ინვესტორთა განწყობაზე. ეს უდავოდ გავლენიანი გარიგება იქნება, რომელიც წლის დასასრულისა და 2026 წლის დასაწყისისთვის ტონს შექმნის.
პროცესში ჩართულ ყველა მხარეს სურს, წელი მაღალ ნოტაზე დაასრულოს, თუმცა მე ამას ფართო ბაზრისთვის ახალი განთავსებების კუთხით გადამწყვეტს არ ვუწოდებდი. 2026 წლისთვის მოსალოდნელი აღმასვლა ამაზე ბევრად უფრო მდგრადია", - განაცხადა მეტ კენედიმ, Renaissance Capital-ის უფროსმა სტრატეგმა.
Reuters-ის თანახმად, Medline-ის აქციების მასშტაბური გაყიდვა, სავარაუდოდ, წლის ერთ-ერთი გამორჩეული განთავსება იქნება, რომელიც 2026 წლის მოლოდინში ინვესტორთა განწყობის მთავარ ინდიკატორად გამოდგება.
აღსანიშნავია, რომ მადლიერების დღის დღესასწაულებთან დაკავშირებული პასიური პერიოდის შემდეგ, აშშ-ის IPO ბაზარი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აქტივობის ზრდისთვის ემზადება; კომპანიები ცდილობენ, სადღესასწაულო პერიოდის დაწყებამდე 2025 წლის ბოლო "ფანჯარა" გამოიყენონ.
ისეთი შეფერხებები, როგორიცაა აშშ-ის მთავრობის მუშაობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნი, წელს ახალი განთავსებების ბაზარს ტვირთად დააწვა. მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკში IPO აქტივობამ წელს, 2021 წლის ბუმის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
Medline სამედიცინო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორია. მის პროდუქციაში შედის ქირურგიული და პროცედურული ნაკრებები, ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით საავადმყოფოებსა და კლინიკებში იყენებენ.



























