მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბები MLS-ში

MLS ყველაზე ძვირიანი კლუბები

სუპერ ბოულის დასრულების შემდეგ აშშ-ს ეკრანებზე ლიონელ მესი გამოჩნდა მესიჯით: “როდესაც ფეხბურთის სრულდება (ამერიკული), ფეხბურთი იწყება” - ეს იყო Apple-ის რეკლამა, რომელიც MLS-ის 30 სეზონის დაწყებას აანონსებდა.

ცხადია მოვლენების ეპიცენტრში არგენტინელი გენიოსი იყო, რომელმაც “ინტერ მაიამის” სარეკორდო 74 ქულა მოუტანა და თავად ლიგის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდოც მიიღო. მესი მაიამელებისთვის ფინანსური ძრავაა, რადგან კლუბმა რეკორდული ოდენობის 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ოპერატიულმა შემოსავალმა 50 მილიონი შეადგინა.

მესის ეფექტმა მთლიანად ჩემპიონატი და ქვეყანა მოიცვა. Apple TV-ზე გამომწერთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო MLS-ის სპონსორთა შემოსავალი გასულ წელს 13%-ით 665 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამასთანავე ინტერ მაიამის ყველა მატჩზე დასწრების მაჩვენებელი 100%-იან ნიშნულს აღწევს იმ დროს, როდესაც არგენტინელი ძირითად შემადგენლობაშია.
2019 წლიდან ლიგამ 121%-ით გაიზარდა და თითოეული გუნდის საშუალო ღირებულება 690 მილიონს შეადგენს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ზედიზედ მესამე წელია LAFC ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბია 1,25 მილიარდიანი მაჩვენებლით და მხოლოდ 50 მილიონით აჭარბებს “ინტერ მაიამის” ღირებულებას, მესამე ადგილს კი Los Angeles Galaxy იკავებს 1 მილიარდიანი შედეგით.

LAFC ყოველწლიურად იზრდება, მათ 10 წლით სტადიონის დასახელების უფლებაც კი გაყიდეს 100 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ხოლო წლიურმა შემოსავალმა 2024 წელს 150 მილიონი შეადგინა, მაგრამ ოპერატიული შემოსავალი 12 მილიონი იყო.

შეკითხვა მდგომარეობს იმაში თუ რატომ არ იკავებს “ინტერ მაიამი” პირველ ადგილს, მაშინ როცა სეზონური ბილეთები უსწრაფესად იყიდება, მათი წინა სასეზონო ტურნე სალვადორიდან საუდის არაბეთამდე იყო გადაჭიმული და ისეთი კორპორატიული პარტნიორები ჰყავს, როგორებიც Royal Carribean, JP Morgan და Duracell არიან?

საქმე ისაა, რომ ბევრ ინვესტორს აქვს შეკითხვა თუ რა მდგომარეობაში იქნებიან მაიამელები, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი კლუბიდან წასვლის ან კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.
გუნდის მფლობელი ხორხე მასი დარწმუნებულია, რომ ლეო კონტრაქტს გაახანგრძლივებს მაშინ როდესაც კლუბი ახალ სტადიონზე გადავა სათამაშოდ, რომლის მშენებლობაც 1 მილიარდიანი მაიამის “თავისუფლების პარკის” პროექტის ნაწილია. ინვესტორების ეჭვები კი დაფუძნებულია იმ პრეცედენტზე, რომელიც დევიდ ბეკჰემის Los Angeles Galaxy-დან წასვლას მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს აშშ მასპინძლობს და MLS-ის ლიგის თასზე ამერიკულთან ერთად მექსიკური გუნდებიც მონაწილეობენ, კიდევ ერთი შეკითხვა უკვე მედია გარიგებებთან მიმართებით ჩნდება.

MLS-ის 10 წლიანი კონტრაქტი Apple-თან, რომელიც 2023 წელს გაფორმდა ანუ მას შემდეგ, რაც ლიგამ გააფართოვა ადგილობრივი და საგარეო მაუწყებლობის უფლებები, წლიური შემოსავალი 250 მილიონს აღწევს, მაშინ როცა წინასწარი ვარაუდით 300 მილიონი იყო გათვლილი. ორგანიზაციას ასევე დამხმარე სატელევიზიო გარიგებები აქვს FOX-თან, TSN-თან და RDS-თან, რაც საშუალებას აძლევს ლიგას გამოიმუშაოს საბაზისო განაკვეთზე მეტი შემოსავლის გაზიარების გზით, გამოწერის ნომრებზე დაყრდნობით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ლიგაზე დასწრებადობის მაჩვენებელი მესისგან დამოუკიდებლადაც იზრდება. იგივე “Austin FC” და “FC Cincinnati” ლიგაში ლიდერები არიან პრემიუმ ადგილებიდან გამომუშავებული თანხების მიხედვით და ეს იმის მიუხედავად, რომ შედარებით მცირე ბაზარზე მოღვაწეობენ.

ლიგის აღმასრულებელი ბორდის წევრები იმედოვნებენ, რომ მოთამაშეთა ტრანსფერები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდება, ამაზე მიუთითებს უკანასკნელი ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრებიც, რა დროსაც ლიგამ 250 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და გასხვისებული ფეხბურთელებიდან ცხრა 10 მილიონზე ძვირად გაიყიდა.

2025 წლის პირველადი მონაცემების მიხედვით MLS-ის 5 ყველაზე ძვირად ღირებული კლუბის რეიტინგი ასე გამოიყურება:

5. New York City FC - $875 მილიონი
4. Atlanta United FC - $975 მილიონი
3. LA Galaxy - $1 მილიარდი
2. Inter Miami - $1,2 მილიარდი
1. LA FC - $1,25 მილიარდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები