2025 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 870 მლნ ლარით იზრდება და 8 მლრდ 700 მლნ ლარი იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, მომავალ წელს იზრდება დაფინანსება როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით და მხოლოდ პენსიებზე მომავალ წელს დაახლოებით 490 მლნ ლარი მიიმართება.
„გრძელდება 2025 წლის ბიუჯეტის საკომიტეტო მოსმენები. დღეს, ჯანდაცვის კომიტეტის ნაწილში განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ კომიტეტისთვის. დაახლოებით 870 მლნ ლარით იზრდება სამინისტროს დაფინანსება, 8.7 მლრდ ლარს აღწევს 2025 წლისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება. მათ შორის, რა თქმა უნდა, უფრო დიდი წილი უჭირავს სოციალურ პროგრამებს, სადაც 621 მლნ ლარზე მეტად იზრდება დაფინანსება. ინდექსაციის ფორმულის და მოქმედი კანონის მიხედვით იზრდება პენსიონერთა პენსიები. შესაბამისად, მხოლოდ პენსიების ნაწილში, დაახლოებით 490 მლნ ლარი მიიმართება.
ამავდროულად, დაახლოებით 200 მლნ ლარით, ცოტა მეტით, იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. უდიდესი წილი მიაქვს რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, თუმცა თითქმის ყველა პროგრამის მიმართულებით ჯანდაცვის ნაწილში გვაქვს ზრდა. შესაბამისად, ყველა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული ამ ეტაპზე, სრულყოფილად არის დაფინანსებული. საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე ალბათ კიდევ გვექნება კომიტეტებთან სამუშაო შეხვედრები და ვნახავთ, რა პრიორიტეტული მიმართულებებია, რაზე არის აუცილებელი 2025 წელს დამატებითი დაფინანსების გამოყოფა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.