მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან MacBook-ებს სენსორული დისპლეი ექნებათ - Bloomberg

63bfda239d28c
გიორგი არონია
12.01.23 14:17
746
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple MacBook-ებში სენსორული ეკრანის დამატებაზე მუშაობს, - ამის შესახებ Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანალიტიკოსი, მარკ გარმენი წერს. Apple-ის ინჟინრების აქტიურობიდან გამომდინარე, მარკ გარმენი ამ ფუნქციონალის დანერგვას 2025 წლიდან, MacBook Pro-ში პროგნოზირებს, მაგრამ დასძენს, რომ, შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს. ანალიტიკოსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სენსორული დისპლეის მქონე პირველი MacBook Pro-ს ჩვეულებრივი ლეპტოპის ფორმა და დიზაინი ექნება - უცვლელი დარჩება კლავიატურა და სენსორული პანელი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ თავის დროზე, ლეპტოპებში სენსორული დისპლეის ჩაშენებას Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი საშინლად არაერგონომიკულ გადაწყვეტას უწოდებდა და თუ კომპანიის ამჟამინდელი მესვეურები ამ მიმართულებას განავითარებენ, გამოვა, რომ მათ სტივ ჯობსის ორთოდოქსულ ხაზს გადაუხვიეს. თუმცა საქმე მხოლოდ სტივ ჯობსში არ არის, რადგან ლეპტოპებში სენსორული დისპლეის ჩაშენებას თავად კომპანიაც ეწინააღმდეგებოდა, თანაც ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში. ცხადია, არსებობს ვარაუდიც, რომ სენსორული MacBook-ის გამოშვებით, Apple-ი iPad-ის გაყიდვებს რისკის წინაშე დააყენებს.

„სენსორული ეკრანი ვერტიკალური ვერ იქნება, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, უბრალოდ, ხელი ჩამოგივარდებათ“, - ასე ეხმიანებოდა სტივ ჯობსი ლეპტოპებში და მსგავს, ნაწილობრივ დისტანციურ მოწყობილობებში სენსორული დისპლეის ჩაშენების იდეას, ჯერ კიდევ 2010 წელს. მოგვიანებით, ამ იდეას, წლების განმავლობაში, იზიარებდა სტივ ჯობსის მემკვიდრე ტიმ კუკი, რომელიც პლანშეტებისა და ლეპტოპების გაერთიანებას, ტოსტერისა და მაცივრის გაერთიანებას ადარებდა.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სენსორული დისპლეის მქონე MacBook-ის იდეა არც თუ ისე არარეალისტურია, რადგან სტივ ჯობსის და ზოგადად კომპანიის, ერთი შეხედვით, ორთოდოქსულ ხაზს Apple-მა ამ დრომდეც არაერთხელ გადაუხვია - იმის გახსენება რად ღირს, სტივ ჯობსი რომ ამბობდა, Apple-ი ტელეფონებს და პლანშეტებს არასდროს გაყიდისო. არადა, დღეს, Apple-ის ბიზნესი სწორედ ამ ორ პროდუქტზე დგას.

კომპანიის მიერ კურსის ცვლილებაზე, ცხადია, სხვა ფაქტორებიც მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან, Apple-მა აპლიკაციების სხვადასხვა ვერსიების გაერთიანება დაიწყო და მათი ურთიერთთავსებადობა დაუშვა - შედეგად, დღეს, MacBook-ებზე iPhone-ებისა და iPad-ებისთვის შექმნილი აპლიკაციების გამოყენება არის შესაძლებელი. ისე კი, ეს ფუნქციონალი მომხმარებელთა უკმაყოფილებასაც ხშირად იწვევდა, რადგან სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობებისთვის დაწერილი აპლიკაციების ლეპტოპში სრულყოფილად გამოყენება, უბრალოდ შეუძლებელია. ცხადია, ეს პრობლემა Apple-მაც დაინახა და 2016 წელს, Touch Bar-ის მქონე MacBook-ი გამოუშვა, მაგრამ ამ გადაწყვეტამ არ გაამართლა და 2021 წელს გაუქმდა.

ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Apple-ის კონკურენტებზე, მით უფრო, რომ მათთვის, სენსორული ეკრანის მქონე ლეპტოპები სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს - ამ ტექნოლოგიის მქონე ლეპტოპებს Dell-ი, HP-ი, Microsoft-ი, Lenovo, Samsung-ი და Acer-ი უშვებენ და გამოდის, რომ რეალურად, Apple-ი ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც ამ გადაწყვეტის დანერგვისგან თავს იკავებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ სენსორული დისპლეი ერთადერთი სიახლე არ არის, რომელზეც Apple-ი ახლა მუშაობს - მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, რომელიც ლეპტოპებში თხევადკრისტალურ დისპლეებს იყენებს, OLED-დისპლეიზე გადასვლას გეგმავს. აღნიშნული ტექნოლოგია, რომელიც Apple-ის სმარტფონებში და ჭკვიან საათებში უკვე გამოიყენება, ეკრანს მეტად კაშკაშას და ფერადს ხდის. მარკ გარმენის ინფორმაციით, OLED-დისპლეის მქონე პირველ iPad Pro-ს 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ.

თუმცა, ეს ყველაფერი როდია: საქმე ისაა, რომ 2024 წლიდან, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მოწყობილობებში საკუთარი წარმოების დისპლეების გამოყენებას გეგმავს, რითაც Samsung-ზე და LG-ზე დამოკიდებულებას შეამცირებს. მარკ გარმენის ინფორმაციით, Apple-ის მიერ წარმოებული დისპლეის მქონე პირველი მოწყობილობა Apple Watch-ი იქნება, რომელსაც კომპანია მომავალი წლის ბოლოსთვის გამოუშვებს. მოგვიანებით, ახალი დისპლეები iPhone-ებშიც უნდა გამოჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები