გასულ წელს მეფრინველეობა "კუმისმა" კვერცხის წარმოება 12%-ით გაზარდა, წელს კი 15%-იანი ზრდა იგეგმება - ამის შესახებ BMGTV-ის "საქმიანი დილას" ეთერში "კუმისის" დირექტორმა, გოგიტა მაისურაძემ ისაუბრა.
"2025 ჩვენი კომპანიისთვის განვითარების წელი იყო და შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 12%-ით მეტი პროდუქცია ვაწარმოვეთ, 2024 წელთან შედარებით. გავიზარდეთ, დავნერგეთ მეტი ავტომატიზაცია და უფრო მეტი თანამშრომელი დავასაქმეთ წარმოებაში. აქედან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ და რასაც სტატისტიკა გვაჩვენებს, გვინდა თუ არა, საქართველოს ბაზარი კვერცხის მოხმარების კუთხით მზარდია და 2026-ში დაახლოებით 15%-იან ზრდას ვგეგმავთ ამ მიმართულებით", - განაცხადა "კუმისის" დირექტორმა.
გოგიტა მაისურაძემ კვერცხზე საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2025 წელს პროდუქტის თვითღირებულება გაძვირდა, თუმცა უახლოეს თვეებში ამ ტენდენციის გაგრძელება აღარაა ნავარაუდები.
საქართველოში კვერცხი გაძვირდა - მწარმოებლები მიზეზებზე
"ზოგადად ჩვენს პროდუქციაზე ფასი დგინდება ასეთი წესით: ჩვენი თვითღირებულების 70-75%-ს ფრინველის საკვები კომპონენტები შეადგენს: სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირა და ასე შემდეგ. მოსავლის აღება და მარაგების შევსება ხდება ივლისიდან - ოქტომბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, თუ რა უნდა იყოს საპროგნოზო ფასი კვერცხზე, ეს ზუსტად ამ თვეებში წყდება. ერთაზროვნად შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს შესყიდვებში უფრო მაღალი ფასებით დავამთავრეთ, სიმინდსა და ხორბალზე დაახლოებით 25-30%-ით მეტით, ვიდრე 2024-ში.
ისიც უნდა აღვნიშნოთ აქ, რომ ხორბლის მოთხოვნის 15%-ს ვაწარმოებთ საქართველოში, სიმინდის - 50%-მდე; გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ამას გარედან ვყიდულობთ, გაგვიძვირდა საკვები. ამას ემატება კიდევ ხელფასები - სერიოზული პრობლემა გვაქვს კადრებთან დაკავშირებით - და ყოველივე ამის შემდეგ, ნოემბრის თვეში ვფიქრობთ ფასის დადგენაზე. აქვე ვითვალისწინებთ, რომ ახალი წელი მოდის და ეს ნაბიჯი არ გადავდგათ დეკემბერში და, თუ რაღაც გადასაწყვეტია ამ მიმართულებით, ვიმოქმედოთ იანვრიდან ან თებერვლიდან. 2026-ში ჯერ ფასის კორექტირება არ იგეგმება და არ შეიცვლება. დაველოდებით ზუსტად შემოდგომის პერიოდს, როდესაც საკვებ ნედლეულზე ფასები უნდა დადგინდეს", - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მეფრინველეობის დირექტორმა აღნიშნა, რომ "კუმისი" ასორტიმენტის გაფართოებაზეც ფიქრობს, თუმცა, წინასწარ ზუსტად არ არის განსაზღვრული, რა მიმართულებით აპირებს კომპანია განვითარებას.
"ვფიქრობთ წარმოების გამრავალფეროვნებას, თუმცაღა იმდენად გაჯერებულია ბაზარი სხვადასხვა პროდუქტით, რომ რთული იქნება ვიპოვოთ ცალკე მომხმარებელი. თუმცაღა ვფიქრობთ ამაზე და არ მინდა, წინასწარ დავაანონსოთ რამე.
ჩვენ ვაწარმოებთ სასურსათო კვერცხს, გვაქვს როგორც თეთრი, ისე ყავისფერი კვერცხი და კატეგორიების მიხედვით ჩაშლილი, შეფუთვების მიხედვით, სტანდარტულად ისე, როგორც ზოგადად მიეწოდება ბაზარს კვერცხი სხვადასხვა სავაჭრო ქსელს. აქედან გამომდინარე, არის კიდევ რაღაც სეგმენტები, სადაც შეიძლება, თუნდაც ე.წ. "Free range" ტიპის პროდუქცია გაკეთდეს, თუმცა ამის მომხმარებელი უნდა ვიპოვოთ, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობთ ამაზე, 2026-ში რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, მაგრამ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა BMG-სთან გოგიტა მაისურაძემ.
"კუმისის" კვერცხის საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში მდებარეობს.




























