მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, სურსათის სექტორში კრიტიკული შეუსაბამობების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე მოწოდებული მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში 288 კრიტიკული დარღვევა გამოვლინდა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 96-ს შეადგენდა.
უწყების ინფორმაციით, გაზრდილია სახელმწიფო კონტროლის მასშტაბიც - მიმდინარე წლის სამ თვეში, სააგენტომ 6650 ბიზნესოპერატორთან ჯამში 9270 შემოწმება განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (5460 ოპერატორი და 7035 კონტროლი) მნიშვნელოვნად მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, 2026 წელს კრიტიკული შეუსაბამობები 262 ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა, მათ შორის 26 შემთხვევაში დარღვევა განმეორებით გამოვლინდა.
დარღვევების სტრუქტურა აჩვენებს, რომ ყველაზე გავრცელებული პრობლემაა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა (34%). მას მოსდევს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესის, ანუ ეტიკეტირების დარღვევა (26%), კრიტიკული შეუსაბამობები (14%) და ვადაგასული სურსათის რეალიზაცია (9%). ასევე ფიქსირდება გაცემული მითითებების შეუსრულებლობა (5%), აღიარების გარეშე საქმიანობა (4%) და სხვა დარღვევები (8%).
ამასთან, მიმდინარე წელს შემოწმებული ბიზნესოპერატორების დაახლოებით 10% რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რაც სურსათის ბაზარზე სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს.
მონაცემები ცხადყოფს, რომ კონტროლის გამკაცრების ფონზე დარღვევების გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა პრობლემურ მიმართულებებად კვლავ რჩება როგორც არარეგისტრირებული საქმიანობა, ისე სურსათის უსაფრთხოების კრიტიკული სტანდარტების დაცვა.




























