ჩინური ავტოინდუსტრიის გიგანტმა, BYD-მ 2026 წელთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც ირკვევა, კომპანია მომდევნო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის მიღმა, საერთაშორისო ბაზრებზე 1.3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს. ამ მაჩვენებლით, BYD-ს 2025 წლის შედეგების 24%-ით გაუმჯობესება და შემოსავლების მკვეთრად გაზრდა სურს. გასულ 4 კვარტალში ჩინურმა კომპანიამ საზღვარგარეთ 1,046,083 ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 150%-იანი ზრდა იყო.
ცნობისთვის, BYD-მ 2025 წელს 4.6 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა, საიდანაც 2,256,000 მსუბუქი, ანუ რიგითი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ავტომობილი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში ჩინურმა გიგანტმა პირველად გადაასწრო ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს, რომელმაც მხოლოდ 1,636,000 მსუბუქი მანქანის გაყიდვა შეძლო.
BYD-ში მოელიან, რომ გასული წლის მსგავსად, საერთაშორისო გაყიდვის მთავარ ბაზრებად კვლავ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და ASEAN-ის წევრი სახელმწიფოები დარჩება, თუმცა მეტი ყურადღების გამახვილება იგეგმება მექსიკაზე და ბრაზილიაზე, სადაც კომპანიის პიკაპის ტიპის ელექტრომობილი “Shark”-ი განსაკუთრებით პოპულარულია. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მოდელია, რომელიც ჩინეთში დღემდე არ გამოდის.




























