კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
"2026 წელს ჩინური ავტოინდუსტრიის ზრდა შენელდება" - ასოციაცია
ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) განცხადებით, სუსტი მოთხოვნისა და საგარეო გაურკვევლობის ფონზე, 2026 წელს ჩინეთში ავტომობილების გაყიდვებისა და ექსპორტის ტემპი შენელდება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. CAAM-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ავტომობილების გაყიდვების მხოლოდ 1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9.4%-ს შეადგენდა.
ელექტრომობილებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვების ზრდის ტემპი 28.2%-დან 15.2%-მდე შემცირდება.
რაც შეეხება ავტომობილების ექსპორტს, 2025 წელს დაფიქსირებული, მოულოდნელად მაღალი, 21.1%-იანი ზრდის შემდეგ, წელს მხოლოდ 4.3%-იანი მატებაა ნავარაუდები.
ასოციაციის განმარტებით, შიდა მოთხოვნა კვლავ არასაკმარისია, რასაც მოსახლეობის არასტაბილური შემოსავლები და სამუშაო ადგილების დაკარგვის შიში განაპირობებს, ეს კი მსყიდველობით უნარზე უარყოფითად აისახება.
რაზე შეთანხმდნენ ჩინეთი და ევროკავშირი ელექტრომობილების საკითხზე?
ჩინეთი და ევროკავშირი ელექტრომობილების იმპორტთან დაკავშირებული დავის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, თავიდან აიცილონ სავაჭრო ომის ესკალაცია და იპოვონ ისეთი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპული ბაზრის სამართლიანი კონკურენციის სტანდარტებს.
ევროკომისიის განცხადებით, მიღწეულია გარკვეული პროგრესი ფასების მინიმალური ზღვრის დაწესებასა და იმპორტის მოცულობების რეგულირებაზე, რაც ჩინურ მხარეს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს მაღალი სატარიფო გადასახადები.
საპირწონედ ამისა, პეკინი თანახმაა გადახედოს სუბსიდირების შიდა პოლიტიკას და თუ ჩინური კომპანიები გამჭვირვალობის პირობებს დაიკმაყოფილებენ, მაშინ მათ შემცირებული ტარიფებით შეეძლებათ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანა.
კანადა და ჩინეთი ელექტრომობილებზე ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის პეკინში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა სავაჭრო დაძაბულობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. შეთანხმების მიხედვით, კანადა აუქმებს ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ 100%-იან ბაჟს და 49,000 ერთეულამდე იმპორტზე 6.1%-იან შეღავათიან ტარიფს აწესებს.
კარნის განმარტებით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს შიდა ინდუსტრიის ინოვაციებსა და კლიმატური მიზნების მიღწევას. ეს 2017 წლის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ჩინეთში, რაც ნიშნავს სავაჭრო ურთიერთობების დაბრუნებას სტაბილურ რეჟიმში და ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.
Xiaomi ელექტრომობილების ბაზარზე რეკორდულ ზრდას აანონსებს
ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ 2026 წლის ამბიციური გეგმა წარადგინა — კომპანია 550,000 ელექტრომობილის მიწოდებას აპირებს, რაც წლიურ ჭრილში 34%-იან ზრდას ნიშნავს. ეს პროგნოზი 2025 წლის წარმატებულ შედეგებს ეყრდნობა, როდესაც კომპანიამ გეგმას გადააჭარბა და 410,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტოინდუსტრიაში Xiaomi მხოლოდ 2021 წელს შევიდა, ბიზნესმა უკვე პირველი კვარტალური მოგებაც დააფიქსირა. 2026 წლისთვის კომპანია პორტფელის გაფართოებას და ოთხი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, მათ შორის განახლებული SU7-ის და ახალი SUV-ების. აგრესიული სტრატეგიითა და ტექნოლოგიური უპირატესობით, Xiaomi ჩინურ ბაზარზე Tesla-ს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად და ელექტრომობილების სექტორის უმსხვილეს მოთამაშედ ყალიბდება.
აშშ-ის ბაზარზე Porsche-მ გაყიდვების ისტორიული რეკორდი დაამყარა
გერმანული ავტო მწარმოებლისთვის 2025 წელი აშშ-ში ისტორიაში საუკეთესო აღმოჩნდა. კომპანიამ გასულ წელს რეკორდული 76,219 ავტომობილი გაყიდა.
გაყიდვების ზრდაში გადამწყვეტი როლი Macan-მა ითამაშა, რომლის რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და 27,139 ერთეული შეადგინა. მეორე ადგილზეა Cayenne (20,314 ერთეული), მესამეზე კი ლეგენდარული Porsche 911 (13,574 ერთეული).
წარმატების ფონზე, გამოწვევები რჩება ელექტრომობილების სეგმენტში: Taycan-ზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა — 2025 წლის მე-4 კვარტალში მისი გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სამჯერ დაეცა. ამასთან, 11%-ით გაიზარდა მოთხოვნა სერტიფიცირებულ მეორეულ ავტომობილებზე.





























