2025 წელს "თიბისი ლიზინგის" პორტფელმა ₾750 მილიონს მიაღწია, მომავალ წელს კი კომპანია ₾1 მილიარდამდე ზრდას ელოდება - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში წლის შეჯამებისას "თიბისი ლიზინგის" დირექტორმა, გაგა გოგუამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 2025 წელს მთლიანად ლიზინგის ინდუსტრია გაიზარდა ₾920 მილიონამდე, საიდანაც 84%-იანი წილი სწორედ "თიბისი ლიზინგზე" მოდის.
"საკმაოდ კარგი წელი იყო, ლიზინგის ინდუსტრიას 36%-იანი ზრდა ჰქონდა და უკვე მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა, ₾920 მილიონია მოცულობაში. ეს ქვეყნისთვისაც კარგია, პლუს, უკვე მშპ-ს 1%-ს შეადგენს ინდუსტრია, რაც შეიძლება პატარა რიცხვია, მაგრამ მოცულობაში უკვე დიდი გამოდის. "თიბისი ლიზინგის" წილი ამ ყველაფერში 84%-ია. ₾750 მილიონით დავხურავთ წელს და უკვე ვაანონსებთ, რომ შემდეგ წელს მილიარდიანი კომპანია ვიქნებით. და ეს არის იმ დიდი გუნდის მიერ გაკეთებული საქმე, რომელსაც "თიბისი ლიზინგის" გუნდი ჰქვია და უკვე ამდენი წელია აკეთებს საკმაოდ კარგ საქმეს.
მილიარდიანი პორტფელის გარდა, 2026 წლისთვის მეორე გეგმაა, რომ ციფრული მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ამ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ, რათა ჩვენი მომხმარებელიც უფრო კმაყოფილი იყოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეგმაა საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელზეც ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად ვმუშაობთ და რომლის მიზანიცაა, რომ ბაზარზე უფრო მეტი საერთაშორისო მოთამაშე შემოვიდეს", - ამბობს გაგა გოგუა.
2025 წლის შეჯამებისას, "თიბისი ლიზინგის" დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ მიმდინარე წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან $300 მილიონი მოიზიდა, წლის განმავლობაში კი რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
"ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს კომპანიას ქვეყანაში ნახევარი მილიარდი დოლარი საერთაშორისო რესურსი აქვს მოზიდული, რაც პატარა რიცხვი არ არის. ბოლო ერთ წელიწადში უკვე $300 მილიონზეა საუბარი. ესენი არიან ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა BRD, FMO, BSTDB და ა.შ.
2025 წელს ხელი მოეწერა დაახლოებით $50 მილიონის ხელშეკრულებებს და წელი დაგვირგვინდა საქართველოში პირველი დოლარში ნომინირებული ობლიგაციების გამოშვებით, პირველადმა ტრანზაქციამ კი $45 მილიონი შეადგინა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სამიზნე ნიშნულს გადავაჭარბეთ", - ამბობს "თიბისი ლიზინგის" დირექტორი.
გაგა გოგუამ BMG-სთან ის სექტორებიც გამოყო, რომელთა ხარჯზეც წელს ლიზინგის ინდუსტრია ყველაზე მეტად გაიზარდა. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მძიმე ტექნიკა იყო. გამორჩეული როლი შეასრულეს წარმოების, უძრავი ქონების და ტურიზმის სექტორებმაც.




























