საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა, 2020 წლის შემდეგ, პირველად შემცირდა. როგორც IEA-ს სტატისტიკით დგინდება, მოთხოვნის მაჩვენებელი დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ირანის ომმა და რეგიონში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის შეფერხებამ გამოიწვია.
სააგენტოს ექსპერტთა განცხადებით, ბაზარზე აღდგენის ტენდენცია უკვე შეინიშნება, თუმცა კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია სამომავლო პროგნოზის ზუსტად გამოქვეყნებას კიდევ უფრო აჭიანურებს. IEA-ის ამჟამინდელი მოლოდინები ცეცხლის საბოლოო შეწყვეტასა და სრუტის ეტაპობრივ გახსნას ეფუძნება, თუმცა აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე ეს პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
არსებული ვითარების მიუხედავად, სააგენტოში კვლავ მოელიან, რომ წლის ბოლოსთვის გლობალურ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება დაფიქსირდება. მათი შეფასებით, თუ ტანკერების მოძრაობა აღდგება და მწარმოებლები საბადოების ამუშავებას შეძლებენ, ეს გლობალურად ენერგეტიკულ ბაზარს იმაზე მეტი წიაღისეული საწვავით მოამარაგებს, ვიდრე მოთხოვნა იქნება. ეს კი ფასების კლებას გამოიწვევს.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. მასზე ენერგორესურსების 20-25% მოდის.




























