მილანი ოფიციალურად შეუერთდა იტალიის იმ ქალაქების სიას, სადაც ბინების მოკლევადიანი გაქირავებისთვის გასაღების ყუთები (ე.წ. key box-ები) აიკრძალება.
ქალაქის საბჭოს დადგენილების საფუძველზე, 2026 წლის იანვრიდან ამ ყუთების გამოყენება, კერძოდ მათი დამონტაჟება, დაშვებული აღარ იქნება.
აკრძალვა ვრცელდება ქუჩის ინფრასტრუქტურაზე, საგზაო ნიშნებზე, ღობეებზე, ჭიშკრებზე, განათების ბოძებსა და საჯარო ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კონსტრუქციებზე დამაგრებულ გასაღების ყუთებზე. მათ, ვინც ახალ წესებს არ დაემორჩილება, 100-დან 400 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ, რასაც დემონტაჟის ხარჯების დაფარვაც დაემატება.
გასაღების ყუთები ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ სტუმრებმა ბინაში შესვლა დამოუკიდებლად (ე.წ. self-check-in-ით) შეძლონ. თუმცა, მუნიციპალიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცის დაკავების ნებართვისა და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ეს ყუთები კერძო სარგებლის მიღების მიზნით, საჯარო ქონების არასათანადო გამოყენებას წარმოადგენს.
დადგენილება ასევე მიუთითებს უსაფრთხოების მიზეზებზე და აცხადებს, რომ გასაღების ყუთები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკანონო ქმედებებისთვის, მათ შორის ნარკოვაჭრობისთვის, როგორც ეს ბოლოდროინდელ სასამართლო გამოძიებებში გამოიკვეთა.
ბინის მფლობელებს მოთხოვნის შესასრულებლად და ყუთების მოსახსნელად 30 დღე აქვთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა და მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებული დემონტაჟის ხარჯების ანაზღაურება მოუწევთ.
მილანი არ არის პირველი ქალაქი, რომელმაც მსგავსი ზომები მიიღო. მოკლევადიანი გაქირავების ზრდასთან ერთად, ისეთმა ტურისტულმა ქალაქებმა, როგორიცაა ფლორენცია, ბოლონია, რომი და ვენეცია, გასაღების ყუთები უკვე აკრძალეს.
ამავდროულად, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განთავსების ობიექტებისთვის სტუმრების პირადად მიღება სავალდებულო გახადა; უწყება მიზეზად საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ასახელებს, რათა “თავიდან აიცილოს დაუდგენელი ან პოტენციურად საშიში პირების მასპინძლობასთან დაკავშირებული რისკები”.
სამინისტროს განცხადებით, “გასაღების ყუთების” მეშვეობით რეგისტრაცია ართულებდა სტუმრების კონტროლს, რაც პასუხისმგებლობის კუთხით ხარვეზს ქმნიდა.




























