მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლიდან, მოლდოვა და უკრაინა EU-ის სივრცეში როუმინგის ხარჯისგან გათავისუფლდებიან|საქართველო?

საქართვეელო

საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს სხვა მრავალ საკითხთან ერთად აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხები, უფასო როუმინგი, ბანკებში საკომისიო ხარჯების დაწევა, შემცირებული საბაჟო შემოწმებები და მრავალი სხვა სარგებელი“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი 4 ნოემბერს ევროკომისიის ანგარიშს, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკით ისარგებლე როუმინგით ისე, როგორ შენს ქვეყანაში“ - 2026 წლიდან, მოლდოვა და უკრაინა ისარგებლებენ, საქართველო კი - არა.

ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხის მსგავსად, ევროკავშირის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების როუმინგის ხარჯისგან გათავისუფლებასაც, დიდი ალბათობით, ევროკავშირთან დაზიანებული პოლიტიკური ურთიერთობა აფერხებს, რაც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდემოკრატიული კანონების შედეგია.

ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანების თარიღი ბუნდოვანია - რა (არ) გაკეთდა?

BMG ჯერ კიდევ ზაფხულში, რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით წერდა, რომ შეჩერდა ასოცირების შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტული გეგმის განხილვა და მუშაობა ცვლილებებზე, თუმცა მაშინ ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ „გრძელდება მუშაობა ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან lროუმინგი] საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით“.

მარიამ ქვრივიშვილის უწყებას, ფაქტობრივად, პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ BMG-ის კითხვების პასუხად მომზადებულ წერილობით ინფორმაციაში იკითხება, რომ ამ ეტაპზე სამინისტრო EU-სგან შეფასების მოლოდინშია და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობს.

„2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სამართლებრივი და ტექნიკური მზაობის მიმართულებით - ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც, შეთანხმებისამებრ, მიეწოდა ევროკომისიას შესაბამისი ექსპერტიზის განხორციელების მიზნით. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი განიხილავს და შესაბამისი პოზიციით დაუბრუნდება საქართველოს. ამ პროცესების დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი, საქართველოს მობილური ოპერატორების მიერ ახალი როუმინგული ხელშეკრულებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების წარმოება ევროკავშირის მობილურ ოპერატორებთან“, - ეწერა სამინისტროს პასუხში, მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული, კონკრეტულად რა სამუშაოები/ღონისძიებები გატარდა.

მარიამ ქვრივიშვილის უწყებამ უპასუხოდ დატოვა BMG-ის კითხვა - „აფერხებს თუ არა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირთან დაზიანებული პოლიტიკური ურთიერთობა და EU-ის კანდიდატის სტატუსის მხოლოდ ქაღალდზე დარჩენა“.

„ეკონომიკის სამინისტროს/საქართველოს მთავრობის ვარაუდით, როდის შეუერთდება EU-ის როუმინგ სივრცეს საქართველო“? – BMG-ის ამ კითხვაზე პასუხად სამინისტროდან მოგვწერეს, აღნიშნული ევროკავშირზეა დამოკიდებული.

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და იმ ნაბიჯების დასასრულებლად, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ციფრული ბაზრის ინტეგრაციისთვის ევროპის ციფრულ ბაზართან, მათ შორის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში.

საქართველოსთვის ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში ინტეგრაციის ვადები დამოკიდებულია ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი შეფასების მიღებასა და ამის შესაბამისად, სამართლებრივი და ტექნიკური პროცესების დასრულებაზე. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რათა უზრუნველყოს ყველა საჭირო წინაპირობა და მზაობა აღნიშნულ სივრცეში ინტეგრაციისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირს მზაობით და სურვილით, მიერთებოდა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეს, ოფიციალურად 2022 წელს მიმართა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2023-2024 წლებში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკომისიასთან, რის შემდეგაც ევროკომისიამ განსაზღვრა ევროკავშირის იმ აქტების ჩამონათვალი, რომელთანაც უნდა იყოს ქვეყნის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო ჰარმონიზებული.

სამინისტრომ ასევე უპასუხოდ დატოვა BMG-ის კონკრეტული კითხვა, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ქვეყნის ინტეგრირებისთვის.

რომელ ქვეყნებში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები როუმინგში ყველაზე მეტს?

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯამში, როუმინგული მომსახურებიდან ქართულმა კომპანიებმა 35 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, აქედან საქართველოდან გასულმა როუმერებმა 7 მლნ ლარი დახარჯეს, ხოლო შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა როუმინგზე 28 მლნ ლარის ხარჯი გასწიეს. ყველაზე მეტი თანხა, 1.51 მლნ ლარი შარშან როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა კვლავ თურქეთში დახარჯეს. დანახარჯების კუთხით ლიდერი ქვეყნების ათეულში მოხვდა ევროკავშირის ხუთი ქვეყანა: გერმანია (0.64 მლნ ლარით), იტალია (0.39 მლნ ლარი), საფრანგეთი (0.30 მლნ ლარი), ესპანეთი (0.25 მლნ ლარი) და საბერძნეთი (0.22 მლნ ლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები