„გრძელდება მუშაობა ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან lროუმინგი] საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით“ - ასე უპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში BMG-ის კითხვას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტული გეგმის განხილვაზე მუშაობის შეჩერებას შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ 14 ივლისს, რადიო „თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, მართალია გრძელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის [DCFTA] ტექნიკური იმპლემენტაცია, თუმცა შეჩერდა ასოცირების შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტული გეგმის განხილვა და მუშაობა ცვლილებებზე.
18 ივლისს, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მთავრობის ქმედებების გამო, საქართველო კარგავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მისაღებ პერსპექტივებსაც, მათ შორის, როუმინგის ერთიან სისტემაში გაწევრიანებას. "კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეთავაზებული ახალი უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად, როგორიცაა - ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკა „ისარგებლე როუმინგით ისე, როგორ შენს ქვეყანაში“, ევროში განხორციელებული ერთიანი გადახდების სივრცეში მონაწილეობა და ბევრი სხვა - არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელიც კი, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს", - აცხადებდა ჰერჩინსკი.
ეკონომიკის სამინისტროში ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტულ გეგმაზე მუშაობის შეჩერების ფაქტს არ ადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა გრძელდება, მაგრამ უპასუხოდ დატოვეს BMG-ის კითხვები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს/შედეგს შეეხებოდა და ასევე, სავარაუდო თარიღს, როცა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის სივრცეში როუმინგის ხარჯისგან გათავისუფლდებიან.
ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხს BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ევროკავშირის მოთხოვნით და მათთან თანამშრომლობით, მომზადდა და ევროკავშირს მიეწოდა ასოცირების შეთანხმების XV-B „სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის განსაზღვრული წესები“ დანართის ცვლილებების პროექტი და ეცნობა აღნიშნული დანართის ცვლილების განსახორციელებლად საქართველოს მზაობის შესახებ.
2025 წლის 21 თებერვალს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული იქნა „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგია.“ სტრატეგიის შემუშავების და დამტკიცების საფუძველი, გარდა იმ გარემოებისა, რომ 21-ე საუკუნე აღიარებულია ციფრულ ეპოქად და მნიშვნელოვანია, საქართველო ციფრული განვითარება პასუხობდეს გლობალური ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს, არის ევროკავშირის 2023 და 2024 წლის შეფასებები, სადაც საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების კუთხით, უმთავრეს ხარვეზად იდენტიფიცირებული იყო სწორედ ციფრული ეკონომიკის სტრატეგიისა და მაკოორდინირებელი მექანიზმის არარსებობა. სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირის სტრატეგიული დოკუმენტების „ციფრული კომპასი“ და „ციფრული დეკადა“ შესაბამისად და მასში განსაზღვრულია მაკოორდინირებელი მექანიზმიც.
ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირების მიზნით, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა საკანონმდებლო პროექტები, რომლებიც განხილვისა და შესაბამისი ექსპერტიზის განხორციელების მიზნით, მიეწოდა ევროკავშირს. გაგრძელდება საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში (Roam like at Home regime) ინტეგრირების მიმართულებით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურები.
გრძელდება მუშაობა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ევროპულ ელექტრონულ საკომუნიკაციო კოდექსთან (EECC) საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების კუთხით“ - აცხადებენ სამინისტროში.
რომელ ქვეყნებში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები როუმინგში ყველაზე მეტს?
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯამში როუმინგული მომსახურებიდან ქართულმა კომპანიებმა 35 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, აქედან საქართველოდან გასულმა როუმერებმა 7 მლნ ლარი დახარჯეს, ხოლო შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა როუმინგზე 28 მლნ ლარის ხარჯი გასწიეს. ყველაზე მეტი თანხა, 1.51 მლნ ლარი შარშან როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა კვლავ თურქეთში დახარჯეს. დანახარჯების კუთხით ლიდერი ქვეყნების ათეულში მოხვდა ევროკავშირის ხუთი ქვეყანა: გერმანია (0.64 მლნ ლარით), იტალია (0.39 მლნ ლარი), საფრანგეთი (0.30 მლნ ლარი), ესპანეთი (0.25 მლნ ლარი) და საბერძნეთი (0.22 მლნ ლარი).
2026 წლის 1 იანვრიდან, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის როუმინგ სივრცეს შეუერთდებიან
ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2026 წლის იანვრიდან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები - მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან ერთიანი როუმინგის სისტემით ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გათავისუფლდებიან როუმინგის მომსახურების ხარჯისგან. კერძოდ, ორივე ქვეყანა იანვრიდან "roam like at home area" მიუერთდება.
პროექტის ფარგლებში მოლდაველები და უკრაინელები ევროკავშირში, ისევე როგორც ევროკავშირის მოქალაქეები ამ ორ ქვეყანაში, შეძლებენ მობილური მომსახურებით ისარგებლონ დამატებითი ხარჯების გარეშე, ისე როგორც ამას თავიანთ ქვეყანაში აკეთებენ.
ევროკავშირის განცხადებით, მოლდოვაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, რაც 2016 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მიზანია.
რაც შეეხება უკრაინას, ევროკავშირისა და უკრაინის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის 2022 წელს გაფორმებული შეთანხმებით, ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეები ასევე სარგებლობენ დაბალფასიანი მობილური კომუნიკაციით.
აღსანიშნავია, რომ “roam like at home area“ ევროკავშირის 27 ქვეყნის გარდა, მოქმედებს ნორვეგიასა და ისლანდიაშიც.




























