ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში [SEPA] საქართველოს გაწევრიანების თარიღი გაურკვეველია. მოლდოვა კი, რომელმაც SEPA-ში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს განაცხადიდან თითქმის 1.5 წლის შემდეგ გააკეთა, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს (Single Euro Payment Area – SEPA) 6 ოქტომბრიდან ოფიციალურად შეუერთდა.
BMG-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “ერთიანი ევროს გადახდის სისტემაში” (SEPA) გასაწევრიანებლად საჭირო მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულებულია, საქართველოსთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილებას მიღებას შეჩერებული ევროინტეგრაცია და EU-თან დაზიანებული პოლიტიკური ურთიერთობა აფერხებს.
როგორც ცნობილია, 2020 წლიდან, SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვა არა ევროკავშირისა და ევროზონის ქვეყნებისთვისაც გახდა შესაძლებელი, რისთვისაც აუცილებელია, ქვეყანა აკმაყოფილებდეს ევროპული გადახდების საბჭოს (European Payment Council - EPC) კრიტერიუმებს, რომლებიც რამდენიმე თემატურ ქვეკატეგორიად არის წარმოდგენილი. კერძოდ, აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს. ასევე, საგადახდო სფეროს და საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, კონკურენციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა ფუნქციურად ევროკავშირის კანონმდებლობის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს ევროში ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა და გადარიცხვების მოცულობა.
“უშლის თუ არა ხელს საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებას ევროკავშირთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა?” – ეროვნულ ბანკში BMG-ის ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს და მხოლოდ ზოგადი ტექსტით შემოიფარგლნენ.
„სებ-ი, ისევე როგორც სხვა პასუხისმგებელი უწყებები, განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებითი იქნება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის წერილობით პასუხში.
სებ-ისგან ვერც იმ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, დაახლოებით, როდის შეუერთდება საქართველო “ერთიანი ევროს გადახდის სისტემას“, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების განსახორციელებლად.
BMG-მ ეროვნულ ბანკს ასევე ჰკითხა, 2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის რა ღონისძიებები გატარდა და კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი დადებით გადაწყვეტილების მისაღებად.
ეროვნულ ბანკში ირწმუნებიან, რომ SEPA-ში გაწევრიანების დიდი ნაწილი შესრულებულია, რაც სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, “ერთიანი ევროს გადახდის სისტემაში“ გაწევრიანების საფუძველს იძლევა.
ეროვნული ბანკის წერილობით პასუხს BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რითაც გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის (DG FISMA) მიერ.
კერძოდ, SEPA-ში გასაწევრიანებლად, სებ-მა, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე რეგულაცია შეიმუშავა. მათ შორის, აღსანიშნავია საზედამხედველო პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროკავშირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის დირექტივებთან (AMLD) დაახლოება.
ჩამოყალიბდა და განახლდა რიგი მარეგულირებელი დოკუმენტები. მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების და საკორესპონდენტო ურთიერთობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სახელმძღვანელოები.
ასევე, გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება და სხვა.
უკვე დანერგილია AML ჯარიმების საჯაროდ გამოქვეყნების წესი, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის ხარისხის ამაღლებას.
მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ვირტუალური აქტივების რეგულირების მიმართულებით მიღწეული პროგრესიც. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, სებ-მა შეიმუშავა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების ჩარჩო, მოამზადა სამართლებრივი აქტები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც საფუძვლად დაედო Moneyval-ის მიერ საქართველოს შეფასების გაუმჯობესებას მე-15 რეკომენდაციაზე.
ამასთან ერთად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სებ-ის მიერ შესრულების პროცესშია რამდენიმე რეკომენდაცია. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს, ანგარიშთა ცენტრალური რეესტრის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესაქმნელად.
კერძოდ, ხორციელდება სწრაფი გადახდების სისტემის (IPS) პროექტის ფარგლებში ცენტრალიზებული ანგარიშთა რეესტრის შექმნა იმგვარი ფორმით, რათა მან სრულფასოვნად დააკმაყოფილოს ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნები.
რაც შეეხება სებ-ის მიერ შესასრულებელ ამოცანებს, მთლიანობაში, SEPA-ში გაწევრიანების დიდი ნაწილი შესრულებულია.
აღნიშნული სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით იძლევა SEPA-ში გაწევრიანების საფუძველს.
სებ-ი, ისევე როგორც სხვა პასუხისმგებელი უწყებები, განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებითი იქნება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ცნობისთვის: SEPA-ს წევრობაზე ქვეყნის განაცხადს ევროპული გადახდების საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებას ევროპულ კომისიასთან (European Commission) კონსულტაციით იღებს. BMG შესაბამისი კითხვებით ევროპული გადახდების საბჭოსაც მიმართავს.
შეგახსენებთ: საქართველომ ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად 2022 წლის სექტემბერში წარადგინა. მაშინ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იყო.
SEPA-ში გაწევრიანება საქართველოს ახალ ფინანსურ პერსპექტივებს უხსნის - ნათია თურნავა




























