მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლიდან "თხილის სუბსიდირების პროგრამა" უქმდება - რატომ? | რა პასუხი აქვს მთავრობას?

თხილი

2026 წლიდან „თხილის სუბსიდირების პროგრამა“, რომლის მიზანი საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, უქმდება.

მომავალი წლის ₾31-მილიარდიან ბიუჯეტში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის ფული გათვალისწინებული არაა.

რატომ არ გაგრძელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2026 წელს? - გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გელა აბულაძემ ეს კითხვა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაუსვა.

პარლამენტარის თქმით, პროგრამამ დადებითი გავლენა მოახდინა როგორც მოსავლის ხარისხზე, ისე ექსპორტზე, თუმცა აზიური ფაროსანას“ საფრთხე კვლავ აქტუალურია.

„2026 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული პროგრამა აღარ არის გათვალისწინებული. მიმაჩნია, რომ ეს მეთხილეობის დარგში ფატალური შედეგების დადგომას გამოიწვევს ფერმერები მავნებელთან პირისპირ რჩებიან“, - განაცხადა გელა აბულაძემ.

„თხილის სუბსიდირების პროგრამა“ - რამდენი მილიონი დაიხარჯა?

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2023-2025 წლებში სუბსიდია გაიცემოდა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად, სუბსიდია განისაზღვრებოდა შემდეგი პირობებით: თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პროგრამა მხოლოდ ერთწლიანი იყო, მაგრამ 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. კერძოდ, თხილის სუბსიდირების პროგრამის“ ბიუჯეტი 2023 წელს 21.5 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - ₾22.7 მლნ, ხოლო 2025 წელს კი - 23 მლნ ლარი.

რატომ უქმდება „თხილის სუბსიდირების პროგრამა“ - მთავრობის პოზიცია

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ის თავიდანვე ერთწლიან დახმარებად იყო ჩაფიქრებული და სახელმწიფომ, საჭიროებიდან გამომდინარე, სამი წელი გააგრძელა. მინისტრის პირველმა მოადგილემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თხილის წარმოება მომგებიანი ბიზნესია და ფერმერებმა საკუთარ მოსავალზე ზრუნვა თავად უნდა შეძლონ.

BMG გთავაზობთ დეპუტატის კითხვებს და მინისტრის მოადგილის პასუხებს:

გიორგი კაკაურიძე: მუდმივად ვერ ვაჩუქებთ [ფერმერებს] რაღაცას?! ეს ხომ არ არის ყურძენი და მოსავლის ჩაბარება... ეს იყო გარკვეული დახმარება ტექნიკის შეძენისთვის და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღარ არის გათვალისწინებული პროგრამის გაგრძელება - იმიტომ, რომ თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ერთწლიანი პროგრამა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდა და დასრულდა. რაც შეეხება ფაროსანასთან ბრძოლას - მის წინააღმდეგ ღონისძიებები სურსათის უვნებლობის სამსახურის [ბიუჯეტში] გათვალისწინებულია - წელსაც იყო და მომდევნო წელსაც არის გაგრძელდება შეწამვლა.

გელა აბულაძე: 23 მილიონი გამოყოფილი იყო ერთ ჰექტარზე 500-ლარიანი სუბსიდირებით ფერმერებისთვის...

გიორგი კაკაურიძე: რისთვის?! ფულის ჩუქება ხომ არ იყო, კონკრეტული რაღაცისთვის იყო ეს...

გელა აბულაძე: ფაროსანას შესაწამლად იყო ეს [თანხები გადაცემული ფერმერებისთვის] და არა რამე ტექნიკის შესაძენად...

გიორგი კაკაურიძე: დიახ... მთლიანად 23 მილიონი იყო და შეწამვლის მიზნით, რომ გარკვეული ტექნიკები სჭირდებოდა, მაგისთვისაც იყო [ეს თანხა]. ახლა მუდმივად ფერმერებს ვაჩუქოთ... რამდენი ხნის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩუქება, მგონი არასწორია. შესაბამისად, თუ გსურთ, დეტალებზე კიდევ შესაბამის სამინისტროს ვკითხოთ.

გელა აბულაძე: ჩუქებაზე არ არის საუბარი... იგივე პრობლემის წინაშეა დღესაც ფერმერები. აზიური ფაროსანა კვლავ საფრთხეს უქმნის [თხილის პლანტაციებს] და როცა ფერმერებს პირისპირ ვტოვებთ, ისინი ამას მარტო ვერ შეძლებენ...

გიორგი კაკაურიძე: შესაბამისი ტექნიკა ფერმერებს აქვთ; წლების განმავლობაში შევიძინეთ, მივეცით... მაშინ დავიწყოთ და ყველა ფერმერს დავურიგოთ შესაწამლი აპარატები. თუ სწორად ვიცი, ვაშლის ბაღებს წელიწადში 8-ჯერ სჭირდება შეწამვლა... თხილი არ არის ის ბიზნესი, რომელიც მომგებიანი არაა; გარკვეული პერიოდი იყო დახმარება და ვფიქრობ, უკვე ფერმერებმა უნდა შეძლონ და თავის მოსავალს მოუარონ, ხომ?! დღეს, თხილის გაყიდვის დეფიციტი ხომ არ არსებობს?! მგონი, თხილის ფასი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია...

რატომ არ გრძელდება "თხილის სუბსიდირების პროგრამა", როგორი იყო მისი ეფექტიანობა და ხომ არ აპირებს სახელმწიფო თხილის დარგის/ფერმერების მხარდაჭერისთვის სხვა პროგრამის დაწყებას, ამ კითხვებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე კითხვებით მინისტრ დავით სონღულაშვილის გიორგი გახარიას პარტიის წევრმაც მიმართა.

ცნობისთვის: სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ისარგებლა 60,715 უნიკალურმა ბენეფიციარმა (მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაა 105,458), ხოლო ფართობმა შეადგინა 41,980 ჰა. მეთხილე ფერმერებს წელს 20,990,460 ქულაა/ლარი დაერიცხათ, საიდანაც 19,524,190 ლარი გაანაღდეს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 33 400 ტონა თხილი აწარმოეს. 2023 წელს თხილის მოსავალი 36 900 ტონა იყო. 2024 წელს კი - 43.6 ათასი ტონა. წელს, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 40-42 ათასი ტონა თხილის მოსავალს ელოდა.

წელს, 10 თვეში თხილის ექსპორტით საქართველომ 115 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო; ძირითადი ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები