IDS Borjomi International-ის გენერალური დირექტორი აფნან აჰსანი 2026 წლიდან ახალი პროდუქტების გამოშვებას აანონსებს. ამის შესახებ მან „ბორჯომის“ ახალი ჩამომსხმელი ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პროდუქტი, რომელსაც „ბორჯომი“ გამოუშვებს, იქნება ნატურალური პროდუქტებით დამზადებული.
„ახალი პროდუქტი - ლიმონათი გამოვიდა, რომელიც ძალიან წარმატებულია მსოფლიოში. ახლა კი, მომდევნო წლის დასაწყისში კიდევ ერთი ახალი ინოვაციური და ტრენდული პროდუქტის გამოშვებას ვაპირებთ, რომელიც 100%-იანი ნატურალური პროდუქტებით იქნება დამზადებული. ეს იქნება ჩვენი ფლაგმანი პროდუქტი, რომელიც გვინდა მსოფლიოში გავიტანოთ. ეს ჩვენი ახალი გეგმა ქმნის ამ საფუძველს. არამხოლოდ ტექნოლოგიურ წინსვლას ვგულისხმობთ ამ განსაკუთრებული წარმოებით, არამედ მასშტაბები უფრო ფართო გვექნება და გლობალურად მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებაც გვექნება“, - განაცხადა აფნან აჰსანმა.
როგორც გენდირექტორმა აღნიშნა, კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს. მან ყურადღება „ბორჯომის“ ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
„ჩვენ მსოფლიოს სამ კატეგორიად ვყოფთ: პირველი არის ჩვენი ადგილობრივი ბაზარი და დსთ-ს ქვეყნები, სადაც ამ ბრენდის ცნობადობა 90%-ზე მეტია - თითქმის ყველა ოჯახში იცნობენ ბორჯომს და უყვართ. მეორე კატეგორია არის პერიფერიული ბაზარი, როგორიცაა ბალტიისპირეთი, აღმოსავლეთ ევროპა, თურქეთი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა მეხსიერებაში ბორჯომი, მაგრამ ახალი მომხმარებლები არ იცნობენ, ამიტომ ეს არის ჩვენი ნომერი პირველი პრიორიტეტი. შემდეგ არის სხვა ბაზრები - ახლო აღმოსავლეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, სადაც ოთხი კვირის წინ გავედით, აშშ, კანადა, სადაც სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და ახლა ვზრდით მასშტაბებს. ეს სამი მიმართულება ჩვენს პრიორიტეტშია... არამხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება, არამედ ჩვენი ბრენდის სახელის და ცნობადობის გაზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „აიდიეს ბორჯომი საერთაშორისოს“ გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, „IDS ბორჯომი საქართველომ“ პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ჩამომსხმელი ქარხანა ოფიციალურად გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ დოლარს შეადგენს. ბორჯომის ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდი საწარმოა ჩამომსხმელ სექტორში.



























