საკონტინეტთაშორისო ფინალის წინ, სადაც პენალტების სერიაში “პსჟ”-მ ბრაზილიური “ფლამენგო” დაამარცხა, FIFA-ს საბჭომ დოჰაში შეხვედრა გამართა, სადაც ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებასა და მმართველობის საკითხებზე ისაუბრეს. მთავარი განსახილველი თემა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, სადაც საპრიზო ფონდის ოდენობა გახდა ცნობილი.
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გასამართი მუნდიალის საპრიზო ფონდი რეკორდული $727 მილიონი იქნება, რაც 50%-ით მეტია 2022 წლის კატარში გამართულ ღონისძიებასთან შედარებით. თანხა მონაწილე ეროვნულ ნაკრებებს შორის განაწილდება და უშუალოდ საპრიზო ფონდი $655 მილიონი იქნება.
თითოეული გუნდი მოსამზადებელ პერიოდში ხარჯების დასაფარად დაახლოებით, $1,5 მილიონს მიიღებს. ეს კი გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ ყველა მონაწილე გუნდს ასევე სარეკორდო ოდენობის $10,5 მილიონი გადაეცემა.
ცნობისთვის, საბოლოო შედეგებით თანხის განაწილების მიხედვით: ჩემპიონი ნაკრები $50 მილიონს მიიღებს, მეორეადგილოსანი - $33 მილიონს. $29 მილიონით დაჯილდოვდება მესამე ადგილზე გასული გუნდი, $27 მილიონი კი მეოთხეადგილოსანს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.




























