2026 წლის ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხის ტალღებმა ევროპაში აჩვენა, რომ კლიმატური ცვლილებები მხოლოდ გარემოსდაცვით გამოწვევას აღარ წარმოადგენს და იგი სისტემურ მაკროეკონომიკურ და ჰუმანიტარულ რისკფაქტორად გადაიქცა.
მეტეოროლოგიური რეკორდების მოხსნასთან ერთად, კონტინენტზე მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შეიზღუდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და მილიარდობით ევროს პირდაპირი თუ ირიბი ფინანსური ზარალი დაფიქსირდა.
2026 წლის კრიზისმა გამოკვეთა ევროპული ეკონომიკისა და სოციალური სისტემების მოუწყვლადობა ექსტრემალური ტემპერატურული შოკების მიმართ, რამაც დღის წესრიგში კონტინენტის ადაპტაციური პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის აუცილებლობა დააყენა.
The New York Times-ის მონაცემებით, მხოლოდ ივნისის თვეში ევროპაში ექსტრემალურ სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით 10 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 300 000-ზე მეტი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის (Copernicus) მონაცემებით, 2026 წლის ივნისი დასავლეთ ევროპისთვის ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა - ხმელეთის ტემპერატურა 1.78 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.
მხოლოდ 20-იდან 28 ივნისამდე პერიოდში, გერმანიაში 5 000-ზე მეტი სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირდა; საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში კი ჯამში კიდევ 4 700 ადამიანი დაიღუპა.
მაისიდან მოყოლებული, ევროპას სიცხის ოთხმა ტალღამ გადაუარა. ივლისის ბოლოს საფრანგეთში, ესპანეთსა და მეზობელ ქვეყნებში ტემპერატურამ 40-42°C-ს მიაღწია. სიცხის აღმოსავლეთით გადაადგილებასთან ერთად, აბსოლუტური ტემპერატურული რეკორდები მოიხსნა ცენტრალურ ევროპაშიც.
ექსტრემალურმა სიცხემ მასშტაბური ტყის ხანძრები გამოიწვია. საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრებმა მიაღწია ისეთ მასშტაბებს, რაც ამ ქვეყნების თანამედროვე ისტორიაში არ დაფიქსირებულა - განადგურდა ასეულობით ათასი ჰექტარი მიწა და მთლიანი სოფლები. საფრანგეთის მეღვინეობის რეგიონში გაჩენილი ერთი კონკრეტული ხანძრის ფართობი პარიზის ტერიტორიას ოთხჯერ აღემატებოდა.
ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის ცნობით, ხანძრის უმაღლესი რისკის ზონები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთიდან და ჩრდილოეთ ესპანეთიდან პორტუგალიამდე, ბრიტანეთამდე და ირლანდიამდეც კი გადაიჭიმა.
სიცხემ სერიოზული დარტყმა მიაყენა კონტინენტის ინფრასტრუქტურას. რამდენიმე საავადმყოფომ კრიტიკული მდგომარეობა გამოაცხადა გაგრილების სისტემების მწყობრიდან გამოსვლისა და IT სისტემების შეფერხების გამო. საფრანგეთში, გაგრილებისთვის საჭირო წყლის ნაკლებობის გამო, იძულებულნი გახდნენ ორი ბირთვული რეაქტორი გაეთიშათ. შეფერხდა სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა.
წლების განმავლობაში სადაზღვევო კომპანიები და ეკონომისტები სიცხის ტალღებს როგორც დროებით, ლოკალურ მოვლენას განახილავდნენ. დღეს ეს მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა - სიცხე "ამინდის მოვლენიდან" მაკროეკონომიკურ ცვლადად გადაიქცა.
2026 წლის შუა პერიოდის სიცხის ტალღებმა ევროპას თითქმის 3.9 მილიარდი ევროს პირდაპირი ზარალი მიაყენა მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ სექტორში:
- ევროპელმა ფერმერებმა მოსავლის განადგურების გამო 2 მილიარდი ევროს შემოსავალი დაკარგეს.
- დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე სიცხისგან მიყენებულმა პირდაპირმა დარტყმამ 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
- გაგრილებაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, საფრანგეთსა და გერმანიაში მოსახლეობისა და ბიზნესის ელექტროენერგიის გადასახადები ჯამში 700 მილიონ ევროზე მეტით გაიზარდა.
მშპ-ის დანაკარგები და პროდუქტიულობა
2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის ყველაზე ცხელ წლებში შრომის პროდუქტიულობის შემცირების გამო ევროპის მშპ 0.3%-იდან 0.5%-მდე მცირდებოდა.
მანჰაიმის უნივერსიტეტისა და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ერთობლივი კვლევის თანახმად, 2025 წლის ზაფხულის სიცხეების გამო ევროპულმა ეკონომიკამ პროდუქციის გამოშვების 0.3% დაკარგა, ხოლო 2029 წლისთვის ჯამურმა დანაკარგმა შესაძლოა 0.8%-ს მიაღწიოს პროდუქტიულობის დაცემის, მიწოდების ჯაჭვების წყვეტისა და ტურიზმიდან შემოსავლების შემცირების გამო.
ინფლაციური ზეწოლა
ECB-ის შეფასებით, სიცხის ტალღები და გვალვა სურსათის ინფლაციას 0.4-0.9 პროცენტული პუნქტით ზრდის, ხოლო მომდევნო 30 წლის განმავლობაში ეს ეფექტი, შესაძლოა, გაორმაგდეს.




























