ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი გარდაიცვალა.
"ჩვენ წინაშეა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და რთული ხანძარი", - განაცხადა ანდალუსიის პრეზიდენტმა ხუანმა მორენომ ხუთშაბათს, ხანძრის გაჩენიდან მალევე გავრცელებულ განცხადებაში.
ეს "დიდი ტრაგედია", როგორც მას მორენო უწოდებს, გასულ ხუთშაბათს ალმერიის პროვინციის სოფელ ლოს-გალიარდოსთან ახლოს დაიწყო. ხანძრის პროვოცირება გზის პირას არსებული დაზიანებული კაბელიდან გაჩენილმა ნაპერწკლებმა მოახდინა და მან სწრაფად მიიღო სახიფათო მასშტაბები.
"თავდაპირველად ეს იყო მცირე ურბანული ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები სასწრაფოდ შეეცადნენ, თუმცა ძლიერი ქარის გამო ის სწრაფად გავრცელდა მთის მიმართულებით, ორ საათში 15 კილომეტრი დაფარა და ტყის ხანძარში გადაიზარდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შაბათ-კვირას ხანძრის ფართობი ორჯერ მეტად გაიზარდა და ორშაბათის მონაცემებით, დაახლოებით 7000 ჰექტარი მიწა გადაწვა. ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელი დასავლეთ ევროპაში არსებულმა ექსტრემალურმა სიცხემაც შეუწყო.
ხანძრის საფრთხის გამო საკუთარი სახლებიდან 1 000-ზე მეტი მცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
ხელისუფლების განცხადებით, ლოს-გალიარდოსის ხანძრის შედეგად დაღუპულ 13 ადამიანს შორის ზოგიერთი შესაძლოა ადგილობრივი მცხოვრები ყოფილიყო, რომლებმაც საგანგებო მითითებები არ გაითვალისწინეს. ოფიციალურმა პირებმა მობილური შეტყობინებების ნაცვლად ინდივიდუალური, პირისპირ გაფრთხილების მეთოდი აირჩიეს, რათა თავიდან აეცილებინათ გაურკვევლობა იმ ზონებში, სადაც ევაკუაციის განსხვავებული პროცედურები მოქმედებდა.
"მათ მიეცათ მითითებები მათი ადგილმდებარეობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, თუმცა ზოგიერთმა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უგულებელყო ისინი, რამაც შესაძლოა ეს ტრაგიკული შედეგი გამოიწვია", - განაცხადა მორენომ.
მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლოკალიზების ეტაპზეა, ანდალუსიის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ტყის ხანძრების რისკი "არ იკლებს".
სტიქიის ზონაში ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. პრეზიდენტი მოუწოდებს მცხოვრებლებს, ზაფხულის ბოლომდე "ფხიზლად იყვნენ" და აღნიშნავს, რომ ქვეყანას "ზაფხულის მიწურულს მომხდარი ხანძრების ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს".
ტყის ხანძრების შესახებ ევროპული საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ლოს-გალიარდოსის ხანძრის ჩათვლით, მიმდინარე წელს ევროკავშირში 1 057 ხანძარი დაფიქსირდა. თუმცა, ხანძრის საფრთხე მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება:
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასთან შედარებით, რვაჯერ მეტი ხანძარი დაფიქსირდა - უწყებათაშორისი ეროვნული სახანძრო ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წელს აშშ-ში თითქმის 40 000 ხანძარი დაფიქსირდა.




























