მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლისთვის ინდურ ქორწილებზე მოთხოვნები უკვე გვაქვს - „ლოპოტა სპა რეზორტი“

ლოპოტა სპა რიზორტი

„ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორის მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, 2026 წლისთვის ინდურ ქორწილებზე მოთხოვნები უკვე აქვთ. კახეთში მოქმედი სასტუმრო კომპლექსის ხელმძღვანელის კომენტარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები. ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

GNTA-ის გავრცელებული ინფორმაციით, ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი მაკა ღვლივიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიციონირება, როგორც მიმზიდველი საქორწინო დანიშნულების ადგილი ინდოეთის ბაზარზე კარგ შედეგებს მოიტანს.

„ლოპოტაზე ვმასპინძლობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც პრემიუმ კლასის ღონისძიებების ინდოელ ორგანიზატორებს აერთიანებს, სპეციალიზებული ინდური ქორწილების მიმართულებით. ეს არ არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა აღნიშნულ სეგმენტში და ვფიქრობთ, საქართველოს პოზიციონირება, როგორც მიმზიდველი საქორწინო დანიშნულების ადგილი ინდოეთის ბაზარზე კარგ შედეგებს მოგვიტანს. მოხარულები ვართ, რომ უკვე გვაქვს მოთხოვნები 2026 წლისთვის. ინდური ქორწილები, როგორც წესი, მრავალდღიან (სამდღიან) და მაღალბიუჯეტიან ღონისძიებებს მოიცავს, რაც კომერციულად ძალზედ მიმზიდველად აქცევს ამ მიმართულებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინდური ქორწილები იშვიათად ემთხვევა ყველაზე დატვირთულ ტურისტულ სეზონს (ივლისი-სექტემბერი), რაც რეზორტისთვის ოპტიმალურ დატვირთულობას უზრუნველყოფს საშუალო სეზონზეც", - ამბობს მაკა ღვლივიშვილი და დასძენს, რომ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული დატვირთულობით გამოირჩევა.

"ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც არსებული ჯავშნებით უკვე კარგად გამოიყურება, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან“, - აცხადებს ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები