Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2028 წლამდე ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს 50 ათასი საინვესტიციო უძრავი ქონება შეემატება, რომლის დატვირთვასაც ყოველწლიურად ტურისტების რიცხვის მინიმუმ 15%-იანი ზრდა იქნება საჭირო.
როგორც საინვესტიციო ბანკის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ ინტერვიუში განაცხადა, უძრავი ქონების ბაზრის მთავარი რისკები სწორედ ამ მაჩვენებლების მიღწევასთან არის დაკავშირებული.
Galt & Taggart-ში ფიქრობენ, რომ ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული აზიის ბაზრების ათვისებაა.
„ტურბულენტური მდგომარეობის გათვალისწინებით რთულია მოკლე ვადაში რაიმე პროგნოზების გაკეთება, თუმცა როდესაც მოლოდინებზე ვსაუბრობთ, აქ მთავარია მიწოდება, ანუ რამხელა საბინაო ფონდის გაჩენას ველოდებით ბათუმის ბაზარზე.
2023 წლის მდგომარეობით 108 ათასი საცხოვრებელი ბინა არსებობდა ქალაქში და ველოდებით, რომ 2028 წლისთვის ნახევარი ამდენი დაემატება, ანუ ჯამურად 50,000 ბინა ემატება, აქედან 40 000 საინვესტიციოა და ამ 40 000-დან დიდი ნაწილია მოკლევადიანი გაქირავების აპარტამენტი. ასეთ გაზრდილ მიწოდებას დასჭირდება ტურისტების ნაკადი, რომლებიც ამ ბინებს დატვირთავენ და თუ ასე არ მოხდა, ეს აისახება შემცირებულ საინვესტიციო მიმზიდველობაში.
ჩვენი გათვლებით, ასეთი მიწოდება რომ დაიტვირთოს, საჭირო იქნება ყოველწლიურად ტურისტების რიცხვის მინიმუმ 15%-იანი ზრდა. 15% საკმაოდ დიდი რიცხვია, ამის მისაღწევად საჭიროა სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. აუცილებელია ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება. ყველაზე პერსპექტიულად აზიას ვხედავთ, ჩინეთის და ინდოეთის ბაზრებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდია,“ - განაცხადა თავყელიშვილმა.




























