პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის გეგმით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წლისთვის 150 000-მდე შემცირდება - ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"2012 წელს საქართველოში 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი შემცირებულია უკვე 440 000-მდე და ჩვენი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 150 000 იქნება სიღარიბის ზღვას მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წლისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
მანამდე, 2024 წლის 13 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირდება. მისივე თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება სწორედ სიღარიბის განულება იქნება.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.