ჩვენ მაინც იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ მანამდე ევროკავშირში ისე წარიმართება პროცესები, როგორც უნდა წარიმართოს და არა ისე, როგორც დღეს წარიმართება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქართული ოცნების" მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამას გარდა, ევროკავშირს ასევე შეჩერებული ორმხრივი ურთიერთობები უმაღლეს დონეზე, ბოლო ერთ წელში საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო.
"ოცნების" ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს, 2028 წელს კი მათი მტკიცებით, ქვეყანა მზად იქნება მოლაპარაკებების გასახსნელად იმისთვის, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის ევროგაერთიანების წევრი გახდეს. ამ განცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
"მინდა შეგახსენოთ რა მოხდა 2022 წელს. ევროკავშირიდან ბიუროკრატებმა შესთავაზეს უკრაინას კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა. ამას ლოგიკურად მიჰყვა შემდეგ მოლდოვის და საქართველოს განაცხადი. თუმცა მაშინ აზრადაც არავის გაუვლია ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველაფერი იყო მოაზრებული ერთი მარტივი რამისთვის, რომ საქართველოსთვის ხელოვნურად უნდა შეექმნათ ზეწოლის მექანიზმი. აზრადაც არავის გაუვლია მაშინ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
თუმცა ჩვენ მაინც ვართ იმედიანად განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ მანამდე ევროკავშირში ისე წარიმართება პროცესები, როგორც უნდა წარიმართოს და არა ისე, როგორც დღეს წარიმართება...
იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ ეკონომიკურადაც საინტერესო დარჩება ევროკავშირი 2030 წლისთვის. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას დაუკარგეს ეროვნული რელიგიური იდენტობა. არაერთი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც ნახევარს ჩამოცდა ქრისტიანული მოსახლეობის წილი, მათ შორის ერთ-ერთი არის გერმანია, ასეთია ჩეხეთი, ესტონეთი და ა.შ. მრავალი ასეთი ქვეყანაა, სადაც რელიგიურ იდენტობას კარგავენ და ეთნიკური იდენტობის კუთხითაც იცით რა მდგომარეობაა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის დიდ ქალაქებში. ტენდენციები ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი მოახერხებს აღორძინებას და 2030 წლისთვის, როდესაც უკვე რეალური გახდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ის იქნება გაძლიერებული და არა დასუსტებული, რაც ჩანს დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე", - განაცხადა კობახიძემ.




























