მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის, AstraZeneca შემოსავლის $80 მილიარდამდე გაზრდას პროგნოზირებს

AstraZeneca

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანია, შვედურ-ბრიტანული AstraZeneca 2030 წლისთვის ჯამური შემოსავლის $80 მილიარდამდე გაზრდას პროგნოზირებს, რაც 75%-ით მეტია, ვიდრე $45.8 მილიარდი, რომელიც კომპანიამ შემოსავლის სახით 2023 წელს დააგენერირა. როგორც ფარმაკოლოგიური გიგანტის ფინანსურმა დირექტორმა, არადჰანა სარინმა CNBC-სთან განაცხადა, გეგმა მართლაც ამბიციურია, მაგრამ მის შესრულებას შვედურ-ბრიტანული კომპანია მის საკუთრებაში არსებული ფარმაკოლოგიური პორტფელის საშუალებით მოახერხებს, რომელსაც მომდევნო ექვს წელიწადში ოცი ახალი მედიკამენტი დაემატება.

ამ დროისთვის, AstraZeneca ონკოლოგიურ, ბიოფარმაცევტული და იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე კონცენტრირდება, რომელთა ნაწილს, როგორც კომპანიაში ამბობენ, რამდენიმე მილიარდი დოლარის ყოველწლიური შემოსავლის გენერირება შეუძლია. შვედურ-ბრიტანული კომპანიის გეგმებში ვხედავთ, როგორც დღეს აღმოჩენილი სიმსივნის სახეობების სულ მცირე ნახევრის სამკურნალო მედიკამენტებს, ასევე ქიმიოთერაპიისა და რადიაციის ალტერნატივების განვითარებას. სიმსივნის მკურნალობა, მოგეხსენებათ, AstraZeneca-სთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაზედაც რამდენიმე რევოლუციური პრეპარატი მიუთითებს, რომელთაგან ზოგიერთმა FDA-ის დასტური უკვე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შვედურ-ბრიტანული AstraZeneca, რომლის შესახებ კაცობრიობამ, დიდწილად, პირველად პანდემიის დროს შეიტყო, მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფარმაკოლოგიური კომპანიაა, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $239 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის რიგით მე-6 ყველაზე დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიაა მსოფლიოში. წლის დასაწყისიდან დღემდე, AstraZeneca-ს აქციები 13.4%-ითაა გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები