ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა $23.9 ტრილიონს გადააჭარბებს. ამის შესახებ მან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ისაუბრა.
როგორც ლი განმარტავს, ამ მიზნის მიღწევაში ქვეყანას არამარტო ადგილობრივ წარმოებასა თუ მოხმარებაზე მოთხოვნის ზრდა, არამედ უცხოეთის ქვეყნებთან სავაჭრო თანამშრომლობების გაღრმავება დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყანა წლიური ზრდის 4%-იან ნიშნულზე დაფიქსირებას გეგმავს, რაც საბოლოო მიზნის მიღწევას გარდაუვალს გახდის. ცნობისთვის, ამჟამად ჩინეთის ეკონომიკა $19 ტრილიონის ფარგლებშია.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ლი ჩიანგის შეფასებით ჩინეთის პოზიციებს გაამყარებს და ქვეყანას დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება, უცხოური კომპანიებისთვის ბაზრის მეტად გახსნა იქნება.
“ჩვენ აუცილებლად შევუწყობთ ხელს მოხმარების გაზრდას, ამასთან, მეტად გავხსნით კარს უცხოური, მაღალხარისხიანი პროდუქციისთვის, რაც სასარგებლო იქნება არამარტო ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ იმ საერთაშორისო ბიზნესებისთვის, რომლებსაც ჩინეთში შემოსვლა და დამკვიდრება სურთ.” - განაცხადა ლი ჩიანგმა.
როგორც ის ამბობს, 1.4-მილიარდიანი ბაზრის ათვისება ნებისმიერი მსხვილი მოთამაშისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ეს საგრძნობლად წაადგება ჩინურ ეკონომიკასაც. მან სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ქვეყანა გლობალური ვაჭრობის სისტემის რეფორმირებას აპირებს, რათა ახალი წესები ყველა მოთამაშისთვის იყოს მოგებიანი და სამართლიანი.




























