ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 44.5 მგვტ-იანი ხობი-2 ჰესი და ორი მცირე ჰესი - შევაბური (1.9 მგვტ) და დაგვა (0.8 მგვტ). კობახიძის თქმითვე, 2030 წელს საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა უნდა გახდეს.
"ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში, ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას,“- თქვა კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.