მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის საქართველო წამყვანი ეკოტურისტული ქვეყანა იქნება - სტრატეგიის 5 მიზანი

61702882a77d9
ინგა მურუსიძე
20.10.21 22:20
1739
საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030 უკვე საჯაროა. 58-გვერდიანი დოკუმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება 2020 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ეკოტურიზმის განვითარების ასოციაცია. სტრატეგიის შემუშავება გერმანიის მთავრობის ფინანსური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით მოხდა.

„2030 წლისათვის საქართველო იქნება წამყვანი, ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი მდიდარი ცოცხალი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე, მაღალი ხარისხის მომსახურების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს. ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში“, - ნათქვამია სტრატეგიაში.

დოკუმენტში 5 მიზანია აღწერილი:

1. ავთენტური, მაღალი ხარისხის, ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტები და სერვისები განვითარებულია ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებისა და მდიდარი ცოცხალი კულტურის საფუძველზე.

2. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად უზრუნველყოფს ეკოტურიზმის მომსახურებას და მისგან იღებს სარგებელს. ეკოტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი თემების ჩართვით შენარჩუნებულია ეკოტურისტული რესურსები.

3. მარკეტინგი და კომუნიკაცია შეესაბამება ეკოტურიზმის სამიზნე ბაზრების მოთხოვნებს და ზრდის ვიზიტორების ეკოლოგიურ ცნობიერებას.

4. ეკოტურიზმის განვითარება ხელს უწყობს მისი ძირითადი რესურსების - ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებისა და მდიდარი ცოცხალი კულტურის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას.

5. ეკოტურიზმის მართვა ყველა დონეზე ითვალისწინებს მულტისექტორულ, ინტერდისციპლინარულ და თანამონაწილეობრივ მიდგომას, რომელიც ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობას.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, იგეგმება გარემოსდაცვით განათლებასა და/ან გიდობისთვის გადამზადებულ პირთა რაოდენობის ზრდა 2025 წლისთვის 38-დან 70-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 90-მდე.

გარდა ამისა, მიზნად დასახულია, რომ ეროვნული პარკების ვიზიტორთა რიცხვები თუ 2019 წელს 199 011 იყო, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1.500.000-მდე, ხოლო 2030 წელს 1.900.000-მდე უნდა გაიზარდოს.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომლის გაზრდაც იგეგმება, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობაა - კერძოდ, სტრატეგიის თანახმად, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები: 2019 წელს 329.653 (308.291 საერთაშორისო, 21.362 შიდა) ვიზიტორი იმყოფებოდა, მაჩვენებელი 2025 წლამდე 360.000 -მდე, ხოლო 2030 წლამდე 400.000-მდე უნდა გაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები