საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, აიღოს ვალდებულება ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია მთლიან მოხმარებას აჭარბებდეს - ამას ითვალისწინებს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი.
კანონპროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა წარადგინეს. მისი მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ენერგეტიკული სექტორის ხელშეწყობის ისეთი პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უნდა განმტკიცდეს.
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი რამდენიმე ძირითად საკითხს აწესრიგებს - მათ შორისაა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება ან არსებული საყოველთაო გადასახადის ზღვრის აწევა მხოლოდ რეფერენდუმის წესით უნდა განხორციელდეს. ასევეა ვალის წესის განსაზღვრა, რომ სახელმწიფოს მთლიანი ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თუკი ის 60%-ს გადააჭარბებს, ხელისუფლებამ 3 წლის ვადაში 60%-ზე დაბლა უნდა დასწიოს. აღნიშნული პარამეტრები მიზნად ისახავს, მოახდინოს საგადასახადო წნეხის ზრდის პრევენცია და მთავრობის მიერ გადაჭარბებული მოცულობით ვალების აღების აღკვეთა.
შესაბამისად, ამჟამად პარლამენტის უმრავლესობის წევრებს სურთ “თავისუფლების აქტში” გაჩნდეს ჩანაწერი ენერგოდამოუკიდებლობის შესახებაც. თუმცა, საგულისხმოა გარემოება, რომ სახელმწიფო ვალის საკითხი სრულად ექცევა საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაში, რადგანაც სახელმწიფო ვალის აღება მხოლოდ მთავრობას შეუძლია. ისევე როგორც გადასახადების ზრდა/შემცირება. ხოლო ენერგეტიკის სფეროში გენერაციის და მოხმარების საკითხები პირდაპირ მთავრობის კომპეტენციას სცილდება. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში გენერაციის ობიექტების უმეტესობა კერძო საკუთრებაშია და სახელმწიფო საკუთრებას მხოლოდ უმსხვილესი ენგურჰესი და გარდაბანში არსებული კომბინირებული ციკლის თბოსადგურები განეკუთვნება. დანარჩენი ჰესები კერძო საკუთრებაშია, ასევე კერძო კომპანიები არიან ვალდებული ახალი ჰესების მშენებლობაზე.
ამჟამად საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორის წახალისებისთვის გარანტირებული სიმძლავრის აუქციონებს ატარებს, რომელში გამარჯვებული ენერგეტიკული პროექტები, სახელმწიფოსგან შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს თან ახლავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესახებ კონცეფციაც, რომლის მიზნები ასე ნაწილდება:
ა) 2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოების წილი, ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90%-ს;
ბ) 2030 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნებისთვის:
ა) 2026 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება შეადგენს არანაკლებ 75% ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით;
ბ) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნებისთვის:
ა) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - ევროკავშირის ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელექტროსისტემებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის შესაძლებლობის ნომინალურმა სიმძლავრემ უნდა შეადგინოს არანაკლებ 10% ქვეყანაში ამ პერიოდში მოქმედი ელექტროსადგურების დადგმულ სიმძლავრესთან თანაფარდობით,”- ნათქვამია დოკუმენტში.