კალათბურთში 2031 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთი იქნება (პირველად ისტორიაში). ეს გადაწყვეტილება ფიბას ბორდის სხდომაზე დღეს იქნა მიღებული (ასევე გადაწყდა, რომ ქალთა შორის 2030 წლის მსოფლიოს პირველობა იაპონიაში გაიმართება).
ტურნირი 29 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ლილში, ლიონსა და პარიზში ჩატარდება, ამასთან, ფინალური ეტაპის მასპინძელი სრულად დედაქალაქი პარიზი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის მსოფლიო თასი ასევე აგვისტო-სექტემბერში კატარშია დაგეგმილი და მასში უკვე ტრადიციულად 32 ნაკრები მიღებს მონაწილეობას.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი ევროპას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ევროპული ქვეყნებიდან ბოლოს ტურნირს ესპანეთმა უმასპინძლა. ეს 2014 წელს მოხდა. მას მერე, 2019 წელს მსოფლიოს პირველობა ჩინეთში ჩატარდა, 2023-ში კი მასპინძლები იაპონია, ინდონეზია და ფილიპინები იყვნენ.
ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებიც იბრძვის, რომელიც ევროპული ზონის A ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და დანიასთან ერთად მოხვდა და 4 ტურის თავზე თანაბარი ბალანსით მე-3 ადგილზეა, ამასთან, მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე განაღდებული აქვს.




























