მსოფლიოს უდიდესი ბანკის, ამერიკული JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის შეფასებით, მომდევნო ათწლეულში, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვალი იმდენად გაიზრდება, რომ ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 130%-ის ტოლი იქნება, რაც ბანკირის შეფასებით, პრობლემებს შეუქმნის, როგორც თავად ქვეყანას, ასევე მსოფლიოს. საქმე ისაა, რომ ახლა, აშშ-ის საგარეო ვალი $34.2 ტრილიონს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი, კერძოდ $7.6 ტრილიონი, საერთაშორისო მსესხებლებზე მოდის, მათ შორის იაპონიაზე, ჩინეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ლუქსემბურგსა და კანადაზე.
აშშ-ის საგარეო ვალის გრაფიკი ჯეიმი დაიმონმა ჰოკეის სათამაშო ჯოხს შეადარა, რითაც აღნიშნა, რომ თავდაპირველად, ის ნელა იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპი მალევე ჩქარდება. “სწრაფი ზრდა ჯერ არ დაწყებული, ანუ დრო გვაქვს, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, გლობალურ ბაზრებზე არეულობა დაიწყება”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა და დასძინა, რომ ამერიკა ციცაბო კლდისკენ მიემართება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯეიმი დაიმონთან ერთად, ბოლო დროს, აშშ-ის ფისკალური პოლიტიკის თაობაზე საჯაროდ საუბარს არც ქვეყნის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი ერიდება. როგორც მარეგულირებელმა CBS-თან განაცხადა, გრძელვადიან პერსპექტივაში, აშშ-ის ფისკალური პოლიტიკა არამდგრადია, რადგან ის მომავალი თაობის დაკრედიტებას ეფუძნება.
საგარეო ვალი ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელსაც სახელმწიფოები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების და მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების გასატარებლად იღებენ. საგარეო ვალის აღება, თავისთავად, არც დადებითი მოვლენაა და არც უარყოფითი, მაგრამ დადებითი და უარყოფითი მხარე მას ისევე აქვს, როგორც ყველაფერს. საგარეო ვალის სარგებელი ისაა, რომ ის ქვეყანას იმაზე სწრაფად განვითარების საშუალებას აძლევს, ვიდრე ეს სახელმწიფო ბიუჯეტით არის შესაძლებელი, რაც გამართულად სტრუქტურირებული ვალის შემთხვევაში, ქვეყანას და შესაბამისად ბიუჯეტს გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, პირველ ფაქტორად აუცილებლად პოლიტიკური დამოკიდებულება უნდა დავასახელოთ, რომელიც კრედიტორ და მსესხებელ სახელმწიფოებსა თუ უწყებებს შორის ჩნდება. ამასთან, ვალის არასწორად მართვის შემთხვევაში, ქვეყანა, შესაძლოა, სავალო კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.