მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21-ე საუკუნის "ოქროს ციებ-ცხელება" - ოქროს ფასის რეკორდული ზრდა მუზეუმებისა და ბანკებისთვის ახალი გამოწვევაა

ოქროს მონეტები

ოქროს ფასის მკვეთრმა ზრდამ მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის დანაშაულებრივი ტენდენცია გააჩინა - სულ უფრო ხშირად იპარავენ ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტებსა და სამკაულებს გადადნობის და შავ ბაზარზე გაყიდვის მიზნით. ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მუზეუმებს, ისე ბანკებსა და საცავებს.

მათივე მოსაზრებით, ხელოვნების ნიმუშების, განსაკუთრებით ნახატების ქურდობა დღეს ნაკლებად მომგებიანია. ინტერნეტის, ციფრული ფოტოგრაფიისა და საერთაშორისო მონაცემთა ბაზების წყალობით, მოპარული ნამუშევრების იდენტიფიცირება და დაბრუნება ბევრად გამარტივდა. შედეგად, ქურდები ყურადღებას ამახვილებენ ოქროსა და ბრილიანტებზე, რომლებიც მარტივად შეიძლება დაიშალოს, გადაიდნოს და სწრაფად გაიყიდოს.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევა გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში მოხდა. შობის პერიოდში მძარცველებმა მეზობელი ავტოსადგომიდან ბანკის საცავის კედელი გახვრიტეს და დეპოზიტური ყუთებიდან დაახლოებით €90 მილიონი ღირებულების ნაღდი ფული და ძვირფასეულობა, მათ შორის ოქრო, მოიპარეს.

მუზეუმებიც სულ უფრო ხშირად ხდებიან სამიზნე. გასული წლის სექტემბერში კაიროს ეგვიპტის მუზეუმიდან 3 000 წლის წინანდელი ოქროს სამაჯური მოიპარეს, რომელიც მოგვიანებით გადაადნეს.

ოქტომბერში პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან ექვსი თვითნაბადი ოქროს ექსპონატი მოიპარეს, რომელთა ჯამური ღირებულება €1,5 მილიონი იყო.

გასული წლის იანვარში ნიდერლანდების დრენტეს მუზეუმში ქურდებმა ფასდაუდებელი რუმინული ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარეს.

წლის ყველაზე გახმაურებული ქურდობა პარიზის ლუვრში მოხდა. მუზეუმიდან €88 მილიონი ღირებულების სამკაულები გაიტანეს, მათ შორის ზურმუხტითა და ათასზე მეტი ბრილიანტით შემკული ყელსაბამი - ნაპოლეონ I-ის საჩუქარი მისი მეორე მეუღლისთვის.

Art Loss Register-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორისა და მთავარი იურისტის, ჯეიმს რატკლიფის თქმით, აღნიშნული ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ძვირფასი მეტალების ფასის ზრდასთან. 2025 წელს ოქრო 60%-ზე მეტით გაძვირდა და რეკორდულ ნიშნულს - უნციაზე $4 549-ს მიაღწია.

„რისკისა და სარგებლის თვალსაზრისით, სარგებელი თითქმის გაორმაგდა, ხოლო რისკი იგივე დარჩა. ასეთი გათვლა დამნაშავეებისთვის ძალიან მარტივია,“ - განმარტა რატკლიფმა. მისი თქმით, ქურდები ხშირად ნაკლებად ცნობის ექსპონატებს ირჩევენ საზოგადოებრივი რეზონანსის მინიმიზაციისთვის.

ნიდერლანდელი არტ დანაშაულის გამომძიებელი არტურ ბრანდი აღნიშნავს, რომ მუზეუმებიდან ოქროს და სხვა ძვირფასი მეტალების ქურდობა მხოლოდ ბოლო პერიოდის ფასების ზრდას არ უკავშირდება. მისი თქმით, მოპარული ნახატების გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ როცა ოქრო მარტივად კონვერტირდება ფულად.

ბრანდი ასევე მიუთითებს, რომ ევროპის ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით ლონდონსა და ანტვერპენში არსებობენ მოვაჭრეები, რომლებიც ოქროსა და ბრილიანტების წარმომავლობით დიდად არ ინტერესდებიან.

ოქროს ფასის ზრდამ კულტურული მემკვიდრეობა შავი ბაზრის ნედლეულად აქცია. სანამ ძვირფასი ლითონების ღირებულება მაღალი დარჩება, მუზეუმებსა და ბანკებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება, სადაც ისტორიული მნიშვნელობა არაფერია ერთ უნცია ოქროს ფასთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები