2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში გაეროს საჯარო სერვისების ფორუმია დაგეგმილი. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ნიუ-იორკში სპეციალური შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“.
"პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა ხელმისაწვდომი, ეფექტური და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.
დელეგატებმა მასში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს. მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საერთაშორისო ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მას 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - იტყობინება სამინისტრო.




























